ავტომწარმოებელი Tesla, გაუმართავი ნაწილის გამო, აშშ-ში გაყიდულ 2 400 Cybertruck-ს უკან იწვევს. კომპანიის ინფორმაციით, საქმე ეხება ნაწილს, რომელსაც პიკაპში ენერგიის დაკარგვის გამოწვევა შეუძლია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის რისკებს ზრდის. წელს ეს მეექვსე შემთხვევაა, როდესაც Tesla გაყიდულ Cybertruck-ებს უკან იხმობს.
Tesla-ს ინფორმაციით, ხარვეზი 2024 წლის 30 ივლისის ჩათვლით წარმოებული ავტომობილების ინვერტორშია აღმოჩენილი, რომლებსაც კომპანია დაბრუნებულ პიკაპებში ფუნქციური მექანიზმით ჩაანაცვლებს. მათივე თქმით, ჩანაცვლების პროცესი 9 დეკემბრიდან დაიწყება, ახალ კომპონენტებზე მუშაობა კი Tesla-მ 30 ივლისიდანვე დაიწყო.
Reuters-ის ცნობით, ტექნიკური წუნს ავტოსაგზაო შემთხვევა ან მძღოლის დაზიანება ამ დრომდე არ გამოუწვევია, თუმცა, Tesla აცხადებს, რომ პრობლემის გამო საგარანტიო შეთავაზებით სარგებლობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
გასულ თვეს ავტომწარმოებელმა 27 ათასი ერთეული პიკაპი გაიწვია, რისი მიზეზიც უკანა ხედვის კამერის გამოსახულების დაგვიანებითი ჩვენება იყო, რაც ასევე ზრდის ავარიის რისკებს. მანამდე Tesla-მ ასობით ავტომობილი ივნისში, საქარე მინის საწმენდებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, აპრილში კი აქსელატორის პედლის ხარვეზის გამო გაიწვია.
წარმოებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო Tesla-მ ფუტურისტული პიკაპების გამოშვება 2 წლით დააგვიანა და გაყიდვაში 2023 წლიდან ჩაუშვა - ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რამდენი ერთეული Cybertruck გაყიდა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა.