მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცემში სანატორიუმი „მზიურის“ აღდგენა იგეგმება - სახელმწიფომ ქონების 37.09% შპს „მზიურს“ ₾1 მილიონად მიჰყიდა

ცემი

კურორტ ცემში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 37,09%-იანი წილი, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 1 მლნ ლარად საკუთრებაში შპს „მზიურს“ გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია ქონების ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

უწყების ცნობით, საინვესტიციო პირობების მიხედვით, ახალი სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, არანაკლებ 7 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 75-ნომრიანი სასტუმრო, ღია საცურაო აუზი, ავტოსადგომი და სპორტული მოედნები აშენდება. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადად კი სანატორიუმის მფლობელ კომპანია „მზიურს“ 48 თვე განესაზღვრა.

„სანატორიუმი მზიური“ გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა და მისი მდებარეობიდან გამომდინარე როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის უნიკალურ გამაჯანსაღებელ კურორტს წარმოადგენდა. უფუნქციოდ დარჩენილი სანატორიუმი მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს და ცემის სამკურნალო თვისებების მქონე ჰავასთან ერთად ვიზიტორებს სხვადასხვა სასტუმრო სერვისებს შესთავაზებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საჯარო ამონაწერის მიხედვით, შპს მზიური 1996 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი რევაზ ფარცვანიაა.

BM.GE დეტალების გარკვევას სანატორიუმის მფლობელ კომპანიასთან შეეცადა. როგორც "მზიურის" დირექტორი რევაზ ფარცვანია აღნიშნავს, სახელმწიფოს წილის გადმოცემამდე კომპანია ქონების 63%-ს ფლობდა, ამიტომ მესაკუთრემ სანატორიუმის აღდგენის პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფოს დარჩენილი წილის გადაცემის შეთავაზებით მიმართა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

„ჩვენს ინტერესებშია ყოფილი სანატორიუმი „მზიური“ აღვადგინოთ და მისი ისტორიული საქმიანობა შევუნარჩუნოთ. ცემში აღნიშნული სანატორიუმი მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა, შემდეგ კი წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩა და გაპარტახდა. ახლა სანატორიუმ „მზიურის“ აღდგენის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განმარტა „მზიურის“ დირექტორმა რევაზ ფარცვანიამ და დასძინა, რომ დეტალებზე საუბარი პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ შეეძლებათ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები