მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური ბანკები, საცალო მოთხოვნა, შავი ბაზარი - Galt & Taggart ოქროს გაძვირების ფაქტორებზე

ოქროს ფასი

Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მაისი თვის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის მაისში ოქროს ფასი თვიურად 1.8%-ით გაიზარდა. საინვესტიციო ბანკში ამბობენ, რომ მცირე ზრდის მიუხედავად, ძვირფასი მეტალი თავის აღმასვლას განაგრძობს და თვის განმავლობაში ახალ რეკორდულ ნიშნულს - $2,400-საც გადააჭარბა.

„განგრძობითი ზრდა ინვესტორებს არწმუნებს, რომ მიზეზები ტრადიციულ ფაქტორებზე (რისკებისა და ინფლაციის ჰეჯირება) მეტია“, - მიმოხილვის ავტორები ამ ფაქტორების მაღალი გავლენის მიუხედავად, აცხადებენ, რომ გლობალურად ოქროს გაძვირებაზე ცენტრალური ბანკების მხრიდან არსებულ მაღალი მოთხოვნის ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ამ ეტაპზე, მეტი გავლენა ცენტრალური ბანკებისა და საცალო ინვესტორებიდან მომდინარეობს. ცენტრალური ბანკების მოთხოვნა კვლავ მაღალია. 2022 წლის მე-3 კვარტლიდან მათმა ჯამურმა შესყიდვებმა 2,200 ტონა შეადგინა, რაც დღევანდელი ფასებით $170 მლრდ-ს უდრის.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი ლიდერობას ინარჩუნებს და უკვე ზედიზედ მეთვრამეტე თვეა რაც მეტალის შესყიდვას განაგრძობს. შედეგად, მის რეზერვებში ოქროს წილი 2022 წლის 3%-დან 5%-მდე გაიზარდა. რიცხვების უკეთ აღსაქმელად, ჩინური რეზერვების 1%-ის ღირებულების ოქრო, გლობალური მიწოდების 9%-ს უდრიდა 2023 წელს“, - წერია მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ში ძვირფასი მეტალზე საცალო მომხმარებლის მხრიდან მაღალ მოთხოვნაზეც საუბრობენ: „ფასების ზრდასთან ერთად, მაღაზიათა ქსელმა Costco-მ ოქროს პატარა ზოდების გაყიდვა დაიწყო - მოხმარებელს შეუძლია სხვადასხვა პროდუქტების ყიდვისას ინვესტიციაც გააკეთოს და ხელს ოქრო გააყოლოს.

Wells Fargo-ს მიხედვით, ყოველთვიურად Costco დაახლოებით $200 მლნ-ს ღირებულების ოქროს ყიდის. მიუხედავად ამისა, დაბალი ლიკვიდურობის გამო ინვესტირების ეს გზა შედარებით ნაკლებად მოთხოვნადია“.

საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ ლეგალური ვაჭრობის გარდა, მზარდია ოქროს შავი ბაზარიც.

„SwissAid-ის კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით $35 მლრდ-ს ღირებულების ოქრო გადის აფრიკიდან არალეგალურად, მათი უმეტესობის დანიშნულების ადგილი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. კვლევის მიხედვით, 2022 წელს 435 ტონა აფრიკული ოქრო გაიყიდა შავ ბაზარზე, რაც კონტინენტის მოპოვების 40%, ხოლო გლობალური მიწოდების 12%- ია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში 4-თვიან პერიოდში ოქროს ექსპორტის მოცულობა წლიურად 13.0%-ით შემცირდა. Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ გლობალურად ფასის ზრდამ ექსპორტის საშუალო ფასზეც იმოქმედა, რომელიც წლიურად 14.6%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები