მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ოქროს ფასი ეცემა

ოქრო

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ოქროს ფასის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. უნცია (28.3 გრამი) ძვირფასი მეტალის ფასი ერთ კვირაში 2.1%-ითაა შემცირებული და ის ამჟამად 1,936 დოლარს შეადგენს, რაც ერთთვიანი მინიმუმია.

ოქროს ფასის შემცირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის პოზიციასთან. FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო ნებისმიერ წამს მზად არის ისევ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების სტრატეგიაზე გადაერთოს და რეფინანსირების განაკვეთი დამატებით გაზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად აშშ-ში ძირითადი განაკვეთი 5.5%-იან ნიშნულზეა, რომელსაც ფედერალური რეზერვი უკვე ორი თვეა უცვლელად ინარჩუნებს. თუკი განაკვეთი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ეს ინვესტორების თანხის დაბანდებას რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებულ აქტივებში უბიძგებს, მაგალითად, სახაზინო ობლიგაციებში.

მოგეხსენებათ, ოქრო პასიური საინვესტიციო აქტივია, ანუ ის არც დივიდენდს და არც პროცენტულ სარგებელს არ გასცემს, შესაბამისად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მოლოდინი ოქროს მიმართ ინტერესს ამცირებს, ეს კი მის ფასზე ნეგატიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები