საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე, ერთ კვირაში ოქროს ფასი 2.1%-ითაა გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება 2,000 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 14.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ოქროზე მოთხოვნის ზრდა მარტივი მიზეზით არის განპირობებული. ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორების დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ. საუკუნეებია, ოქრო კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ამიტომაც ამჟამად მისი ფასი იმატებს.
ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტი და აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებაა. ასეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორც წესი, ინვესტორები თავის დასაზღვევად ოქროს ყიდულობენ.