მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება

63ca7f08abda2
გიორგი თოლორდავა
20.01.23 15:54
2460
ოქროს საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ერთ თვეში ძვირფასი ლითონის ფასი 6.5%-ით გაიზარდა და უნცია ოქროს ღირებულებამ 1,930 დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის აპრილის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

ოქროს გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთან და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ინგლისის ბანკმა დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის 50-50 საბაზო პუნქტით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს, ნაცვლად 75 პუნქტისა. გარდა ამისა, FED-მა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ტემპის შენელება დააანონსა.

ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე 6.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა. აღნიშნული მოცემულობა კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ FED-ი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზე მოსალოდნელზე ადრე გადაერთვება. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე იკლებს და სამუშაო ადგილებიც სტაბილურად იქმნება.

გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპის შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. მსოფლიოს მასშტაბით შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა და დასუსტებული ეროვნული ვალუტები ოქროს ინვესტორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.

ზოგადად, ოქროსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში. ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები