საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე, ერთ თვეში ოქროს ფასი 2.7%-ითაა გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება 1,970 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, 24 საათში უნცია მეტალი ფასი თითქმის 30 დოლარით არის გაზრდილი, რასაც აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემები განაპირობებს. როგორც ჩანს, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 3.2%-მდე შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, ფედერალურ რეზერვს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისაკენ უბიძგებს. FED-ის მერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთს ოქროს ფასზე კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან დოლარსა და ოქროს შორის საპირისპირო კორელაციაა.
ზოგადად, ოქროზე მოთხოვნის ზრდა მარტივი მიზეზით არის განპირობებული. ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორების დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ. საუკუნეებია, ოქრო კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ამიტომაც ამჟამად მისი ფასი იმატებს.
ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტი და აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებაა. ასეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორც წესი, ინვესტორები თავის დასაზღვევად ოქროს ყიდულობენ.