მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური ევროპის ქვეყნებში წყალდიდობას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

წყალდიდობა

ცენტრალური ევროპის დიდი ნაწილი - ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი და რუმინეთი - ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ებრძვიან. ოთხივე ქვეყანაში ექსტრემალურ ამინდს 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 000-მდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მაღალი საშიშროების ზონიდან ათასობით მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, თუმცა მდინარის კალაპოტებში წყლის პიკური დონის შენარჩუნებას მიმდინარე კვირის განმავლობაში პროგნოზირებენ.

განსაკუთრებულად დაზიანდა ჩეხეთის რესპუბლიკის ზოგიერთი რეგიონი. პოლონეთის საზღვრის მიმდებარედ არსებული ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 285 000-ს აღემატება, დაიტბორა. ოფიციალური ინფორმაციით, ჩეხეთის სხვადასხვა ქალაქის 10 000-მდე მცხოვრები ევაკუირებულია.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ვარშავაშიც. პოლონეთში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგები აღემატება 1997 წელს მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას, რომელიც ისტორიაში “ათასწლეულის წყალდიდობის” სახელით შევიდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტასკის განცხადებით, გადაუდებელი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ზლოტი გამოიყოფა, თუმცა ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ეს თანხა საერთოდ ვერ ფარავს სტიქიით გამოწვეულ ზარალს.

ავსტრიაში წყალდიდობისა და მეწყერის გამო 26-მდე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. სტიქია ყველაზე მძიმედ ქვეყნის სამხრეთ ნაწილს დაატყდა, ვენაში კი ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, დაიხურა მეტროც.

რაც შეეხება რუმინეთს, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში კვირის ჩათვლით შენარჩუნდა, აღმოსავლეთ ნაწილმა კი ყველაზე დიდი ზიანი მიიღო.

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის საშიშროებაა უნგრეთში, სლოვაკეთსა და გერმანიაშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები