ლევან დავითაშვილის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება მუნიციპალიტეტებს ყოველწლიურად 2 000-მდე ერთეულ უძრავ ქონებას გადასცემს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ანი წითლიძის საპასუხოდ ისაუბრა. დეპუტატის კითხვა ფისკალურ დეცენტრალიზაციას ეხებოდა.
“2013 წლიდან დღემდე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ უამრავი ქონებაა გადაცემული მუნიციპალიტეტებისთვის. წლიურად საუბარია 1 000, ხშირად 2 000 ერთეულ უძრავ ქონებაზე.
ფისკალური დეცენტრალიზაციის კანონმდებლობით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებელია განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შემოსავლების განაწილება. მაგალითად, დღეს გაყიდული სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან შემოსავლის 60% მუნიციპალურ ბიუჯეტში მიემართება, 40% კი - ცენტრალურში”, - განმარტა დავითაშვილმა და დასძინა, რომ მომდევნო წლებში ეს შეფარდება შეიცვლება და ძირითად შემოსავალს მუნიციპალიტეტი მიიღებს.
ცნობისთვის: 2019 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიზანიც, უწყების განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებაა.