მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წერტილი დავუსვათ არაკომპეტენტურობას და შევქმნათ ენერგეტიკის სამინისტრო - ინტერვიუ მაია მელიქიძესთან

მაია მელიქიძე

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი აზრს არ იცვლის - როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში მაია მელიქიძემ განაცხადა, აუცილებელია, ენერგეტიკის სექტორს ხელმძღვანელი პირი ჰყავდეს, რომელიც დარგში არსებულ გამოწვევებს ოპერატიულად და კვალიფიციურად უპასუხებს. „წერტილი დავუსვათ არაკომპეტენტურობას და აუცილებლად უნდა შევქმნათ ენერგეტიკის სამინისტრო თუ ჩვენ გვინდა, 2030 წლისთვის ვიყოთ თვითკმარი ქვეყანა, ხოლო 2035 წელს - უკვე ელექტროენერგიის ექსპორტიორი“ - ამბობს მაია მელიქიძე.

- „ქართული ოცნების“ მთავრობაში ეკონომიკის სამინისტროს მართვა მარიამ ქვრივიშვილმა ჩაიბარა. რომეო მიქაუტაძის შემდეგ, არც ლევან დავითაშვილს ჰყოლია კურატორი მოადგილე, რაზედაც ენერგეტიკის ბიზნესსექტორი ხშირად წუხდა ხოლმე. მარიამ ქვრივიშვილს მოადგილეები ჯერ არ განუახლებია, მაგრამ თქვენი აზრით, ენერგეტიკის სექტორს კურატორი მოადგილე არ სჭირდება?

- არსებობს ენერგეტიკის რეგულირება და ენერგეტიკის მართვა - ჩვენ ენერგეტიკის რეგულაციებში არ გვიჭირს, მაგრამ გვიჭირს ენერგეტიკის მართვაში. ამდენად, გვჭირდება რა გენერაციის მეტი ობიექტი - პირველი CFD აუქციონი, მეორე CFD აუქციონი და პირდაპირი მოლაპარაკების გზით ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება ძალიან კარგია, მაგრამ ბევრ ინვესტორს, რომელმაც გაიმარჯვა აუქციონებში და გააფორმა მემორანდუმები, სჭირდება, ბიუროკრატია მინიმუმადე იყოს დაყვანილი; ამას კი, სჭირდება კონკრეტული პასუხისმგებელი პირი [მოადგილე] ან თუნდაც სამინისტრო, რომელიც 2017 წელს გაუქმდა. ვფიქრობ, ენერგეტიკის სამინისტროს არსებობის პირობებში, ბევრი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, არ დადგებოდა დღის წესრიგში, რადგან პასუხისმგებლობის [აღების] ნაწილში პერიოდულად ჩავარდნები იყო. ამ ჩავარდნამ კი, გამოიწვია სტაგნაცია, რაც ავტომატურად ნიშნავს უკუსვლას და არა ერთ ადგილას გაყინვას.

- ისევ ფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს ენერგეტიკის სამინისტრო ან მინიმუმ კურატორი მოადგილე უნდა დაინიშნოს მარიამ ქვრივიშვილმა?

- სექტორს სჭირდება, ჰყავდეს დამოუკიდებელი პასუხისმგებელი პირი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, მოემსახურება დარგს და მიიღებს კომპეტენტურ, კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს. ვინც არ უნდა იყოს, 24 საათის განმავლობაში მოუწევს მუშაობა, რათა ძალიან მოკლე დროში მივაღწიოთ იმ სამიზნე ნიშნულებს, რაც გულისხმობს გენერაციის ობიექტების გამრავალფეროვნებას, რაოდენობრივად გაზრდას, ექსპორტსა და შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტზე მუშაობას და ა.შ.

- მოკლედ, საკმარისია კურატორი მოადგილე თუ საჭიროა ენერგეტიკის სამინისტრო?

- თავად უნდა გადაწყვიტონ...

- თუმცა თქვენ პირადად უფრო სამინისტროს აღდგენას ემხრობით?

- გვჭირდება [ენერგეტიკის სამინისტრო] ... ფიზიკურად ძალიან რთულია ერთი ადამიანისთვის მთელ ეკონომიკას გასწვდეს - ერთისთვის ამხელა ტვირთის ტარება წარმოუდგენელია. ეკონომიკა ხომ მხოლოდ ენერგეტიკა არაა, თუმცა ეკონომიკის საყრდენი და ხერხემალი სწორედაც ენერგეტიკაა... ამიტომაც აუცილებელია, სექტორს ჰყავდეს ხელმძღვანელი პირი, რომელიც მართავს დარგში მიმდინარე პროცესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შუა რგოლი ვერ იქნება წამყვანი - ეს არის მენეჯმენტის ანბანი.

„წერტილთან“ ინტერვიუში GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვრცლად ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე, მათ შორის ენერგეტიკული ბირჟის სრულად ამოქმედების კიდევ ერთხელ, 2 წლით გადავადებაზე; ასევე, დარგის საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით არსებულ სუსტ წერტილებზე, ბიუროკრატიაზე და ა.შ. მაია მელიქიძე იმედოვნებს, რომ ეკონომიკის ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამ სხვა გამოწვევებს ეფექტიანად უპასუხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები