ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევრის შოთა ღვინერიას აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დავუსვათ ინერტულობას.
„ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პასუხისმგებლობის სხვა ადამიანებზე გადაბარება. საქართველოს ყველა მოქალაქემ ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - იქნება ჩუმად, გააკეთებს რამეს თუ გაჰყვება ამ ხელისუფლებას იქ, სადაც მიდის“ , - თქვა მან „წერტილთან“ ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.
შოთა ღვინერია იმედოვნებს, რომ დემოკრატიული მსოფლიო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მისცემს, მაგრამ მისი აზრით, ყველაფერი არის დამოკიდებული ქართველი ხალხის პროტესტზე.
„საერთაშორისო პარტნიორების დახმარება იქნება იმდენად ძლიერი, რამდენადაც მკაფიო ვიქნებით ჩვენ“, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც არჩევნების დარღვევებით ჩატარების გამო, ინდივიდუალური სანქციების შესაძლო დაწესებას და უვიზო რეჟიმის დროებით გაუქმებას შეეხებოდა.
„არ მინდა გადაჭარბებული როლი მივანიჭოთ საერთაშორისო თანამეგობრობის როლს. მათ უნდა ითამაშონ დამხმარეს როლი - საერთაშორისო პარტნიორები უნდა დაეხმარონ ქართულ საზოგადოებას და პროდასავლურ აქტორებს ოპოზიციაში, მაგრამ ამ ფილმში ისინი მთავარ როლს ვერ ითამაშებენ.
თუ ერთმნიშვნელოვნად გამოხატული იქნება ქართული საზოგადოების უმრავლესობის ნება, თუ ერთმნიშვნელოვნად დავანახვებთ პარტნიორებს, რომ არ მივიღებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, რომლის შემოჩეჩებას ცდილობს „ქართული ოცნება“, მათი მხრიდან დახმარება აუცილებლად იქნება ძალიან ძლიერი და ძალიან მკაფიო“, - განაცხადა შოთა ღვინერიამ და იქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, პროტესტი გაგრძელდეს.
ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა იმედი გამოთქვა, რომ გამოჩნდებიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც აღიარებენ არჩევნების გაყალბებაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობას.
მისი თქმით, ამით ერთი მხრივ, საკუთარ დანაშაულსაც შეიმსუბუქებენ და მეორე მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც იქნება მყარი არგუმენტი, რომ არჩევნები სისტემურად გაყალბდა.
"თუკი ათიათასობით ადამიანი იყო ჩართული არჩევნების გაყალბების სქემაში ამა თუ იმ ფორმით - ზოგი ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველს, ზოგი ფულს იღებდა, ზოგი ფულს გასცემდა, ზოგი რამდენჯერმე აძლევდა ხმას უბანზე, ზოგი ზეწოლას ახდენდა სოციალურად დაუცველებზე, ზოგიც - ციხეში მყოფ ადამიანებზე და ა.შ. როგორ შეიძლება, რომ არ მოიძებნოს 10-15 ადამიანი, რომელიც ამ სიტუაციაში მაინც მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია გამოვიდნენ და ამ ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრონ. რას მოგვცემს ეს? - რეალურად, საკუთარი ბრალის აღიარებით ეს ადამიანები უმძიმესი ტვირთისგან გათავისუფლდებიან და მეორე მხრივ, იმ მოქალაქეების პროტესტს, ვინც დღეს დაბნეულები არიან, მაგრამ მაინც გამოდიან ქუჩაში, მუხტს მისცემს. ასე უნდა შევქმნათ ისეთი მყარი არგუმენტაცია {რომ არჩევნები გაყალბდა} ჩვენი თანამოქალქეებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, რომ „ოცნების“ უტიფარმა თავებმაც ვერ უარყონ“, - განაცხადა შოთა ღვინერიამ.