მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანენ შეცდომაში ამომრჩევლებს

   ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს ნუ შეიყვანენ შეცდომაში ამომრჩევლებს
18.09.24 12:54
56

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანენ შეცდომაში ამომრჩევლებს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთი ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი და მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა, განსაკუთრებით ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისა და ხმის დათვლის წესთან დაკავშირებით. განვლილი პერიოდის მანძილზე, ექვსასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის იმიტირებულ კენჭისყრებში. ასევე, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უწყვეტად მიმდინარეობს ცესკოს საინფორმაციო რგოლების გაშუქება ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით და არაერთი აქტივობის განხორციელება ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისა და ხმის დათვლის წესთან დაკავშირებით, სწორედ იმიტომ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების მასშტაბური გამოყენების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხმის მიცემის პროცედურების და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის ზუსტი ახსნა ამომრჩევლებისთვის და მათი ინფორმირება.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩართული მხარე, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას, მედიასაშუალებებით ავრცელებს ურთიერთსაწინააღმდეგო, არასწორ და კანონთან შეუსაბამო ინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით.

ამის დასტურია „TV პირველის” ეთერში, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა’’ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება. კერძოდ, მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, გააფერადონ საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული ერთი წრე, შემდეგ ის გადახაზონ და გააფერადონ სხვა წრე და „დააიმედა“ ამომრჩევლები, რომ ხელით გადათვლისას, საარჩევნო ადმინისტრაცია იძულებული იქნება ასეთი საარჩევნო ბიულეტენები ჩათვალოს ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ აპარატი მას ბათილად მიიჩნევს. ამავე კონტექსტში, იმგვარად მოიხსენია ხმის მიცემის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენების ფოტოგადაღების შესაძლებლობა, თითქოს ეს დაშვებული იყოს კანონით.

ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გავრცელდა ზემოხსენებული ორგანიზაციის იმავე წარმომადგენლის მიერ სხვა განცხადება, რომელიც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია 5 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციასთან, მაგრამ ამავდროულად, კვლავ კანონსაწინააღმდეგო და მანიპულაციურია. იგი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მოწოდება საარჩევნო ბიულეტენის, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, განზრახ დაზიანებისკენ. ამან კი, შეიძლება გამოიწვიოს ამომრჩევლის ხელოვნური დაყოვნება საარჩევნო უბნებში, რიგები და შესაბამისად, ამომრჩეველთა უკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი საუბრობს, რომ ფოტოვიდეოგადაღება არის აკრძალული, მაგრამ შეფასებებში ის მაინც უშვებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღების შესაძლებლობას.

აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის ელემენტარული მოთხოვნების უცოდინარობასთან ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან, ვინაიდან, ახალი ნორმების თანახმად, იმ უბნის საარჩევნო კომისიას, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება, საერთოდ არ გააჩნია უფლებამოსილება იმსჯელოს ე.წ „საეჭვო ბიულეტენებზე“. ხმის მიცემა არის კატეგორიული და ნამდვილია მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც ამომრჩეველი გააფერადებს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებულ წრეს. ამასთან, ხმის მიცემა ფარულია და დაუშვებელია კაბინაში ფოტოვიდეოგადაღება.

ამგვარმა, კანონშეუსაბამო და დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და იმგვარი ნეგატიური შედეგი, რომელმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას.

მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, გაემიჯნონ ასეთი ტიპის ე.წ. საინფორმაციო კამპანიებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება და თავიანთ საჯარო თუ სხვა ტიპის ღონისძიებაზე, სწორედ ისე უზრუნველყონ ამომრჩევლის ინფორმირება, როგორც ეს საარჩევნო კანონმდებლობაშია მოცემული.

საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც არჩევნების გამართვაზე პასუხისმგებელი ორგანო, იტოვებს უფლებას არ ითანამშრომლოს ან შეწყვიტოს თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც გააგრძელებენ ზემოაღნიშნული ტიპის დეზინფორმირების კამპანიას. ამასთან, პასუხისმგებლობა ასეთი კამპანიის შედეგად ბათილ ან გაფუჭებულ ყველა საარჩევნო ბიულეტენზე, დაეკისრებათ თავად ამ ორგანიზაციებს, მათ წარმომადგენლებსა თუ ინდივიდუალურ პირებს.

როგორც ცნობილია, არჩევნები საერთო საქმეა და მასში ჩართულ ყველა მხარეს აქვს ვალდებულება ზედმიწევნით დაიცვას კანონმდებლობის მოთხოვნები და გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ამომრჩეველს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ყველას შევახსენებთ, რომ:

  • ხმის მიცემა ფარულია!
  • ფოტოვიდეოგადაღება კაბინაში აკრძალულია!
  • გააფერადეთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული წრე!", - წერია ცესკო-ს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები