მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკომ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო

ცესკო
06.07.24 17:13
1997

დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილეებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი.

„ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია დღეიდან ახალ ეტაპზე გადავიდა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების ფარგლებში ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს საშუალება პირადად მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და არჩევნებამდე გაეცნოს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. სასიხარულოა, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად დაინტერესდნენ, დღეისათვის 47 000-ზე მეტ ამომრჩეველს აქვს გავლილი შესაბამისი რეგისტრაცია. აღნიშნული კამპანია მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია სასურველ ლოკაციაზე და ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანია ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

პროექტი 6 - 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11 საათიდან 18:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება. მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6 და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ - ჰაბის ნომერზე 2 51 00 51.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები