სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას.
„რაც შეეხება ცესკოს საკითხს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე - დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში, იმიტომ, რომ წელიწად-ნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს ორი წევრი, ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას.
ცესკო არ შეიძლება დარჩეს ჩიხში. სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი, აქედან გამომდინარე, ალტერნატივა ვეტოს დაძლევას ბუნებრივია არ აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი, გამართული არჩევნების ჩატარებას, აუცილებელია ამ ვეტოს დაძლევა. ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ცვლილებებს, პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. ამასთან, პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს. მათი არჩევის პროცედურა 3-ეტაპიანი ხდება - კერძოდ, პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შეძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.
პარლამენტის მიერ მიღებული პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.
რაც შეეხება ვეტოს, პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს.
პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში შეზღუდულია.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ “საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის 1-ელ მაისამდე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი სწორედ პრეზიდენტმა გამოაცხადოს.
გარდა ამისა, პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება იმ მოადგილემ განახორციელოს, რომელიც პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან დაინიშნება, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ე.წ. ოპოზიციონერმა მოადგილემ ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში განახორციელოს.
საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის სჭირდება. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დაძლევას და კანონპროექტის არსებული ფორმით მიღებას გეგმავს.