ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცესკოში, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების: ENEMO, IRI, NDI და ODHIR - ის, წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც ცესკოს ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადეს, სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებები გადასცეს.
მათი თქმით, ხმების ხელოვნური გამრავლების, დაშინების, მოსყიდვის ტერორისა და ზეწოლის ყველა ფაქტის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები უკვე ინფორმირებულები არიან. შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციებმა უნდა შეაფასონ და თქვან, იყო თუ არა არჩევნების პროცესი თავისუფალი და სამართლიანი.
ოპოზიციონერების თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ფარულობის პრინციპის დარღვევაზე გამახვილდა.
"მნიშვნელოვანია მათ ჰქონოდათ სრული სურათი, რა ხდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, როგორ მიზანმიმართულად ცდილობდა "ქართული ოცნება" მიეღო 26 ოქტომბრის შედეგი, როგორ ცვლიდა კანონმდებლობას, როგორ აკომპექტებდა საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეებს და როგორ ამზადებდა ამ სპეცოპერაციას. გამახვილდა, პირველ რიგში იმაზე ყურადღება, რაც უდავოა, კერძოდ, ფარულობის პრინციპის ტოტალური, მასობრივი დარღვევა და აგრეთვე ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია და ვისაუბრეთ მტკიცებულებებზე იმ "კარუსელის" შესახებ, რომელმაც შესაძლებელი გახდა "ქართული ოცნების" ეს შედეგი", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა, გიორგი სიორიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირთაძის თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს აგრეთვე მიეწოდათ ინფორმაცია საუბნო-სარჩევნო კომისიის წევრების შესახებაც, რომლებიც მიკერძოებულები იყვნენ.
"ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, თუნდაც საოლქო საარჩევნო წევრების არჩევა, რომლებიც მიკერძოებულები იყვნენ. საუბნო-სარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც პირდაპირ პარტაქტივი იყო მმართველი პარტიის. შესაბამისად, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში, მმართველ პარტიას მანიპულაციის საშუალება მისცა, რამაც არჩევნები გააყალბა", - ამბობს დავით კირთაძე.