დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს.
ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს პირველად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სერტიფიცირების გამოცდა მათთვის გასაგებ ენაზე, 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ საგამოცდო ცენტრებში ჩაებარებინათ. აღნიშნული გამოცდების ორგანიზების მიზნით, ცესკომ ტესტების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა უზრუნველყო. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება საინფორმაციო მასალები. ისაუბრეს იმ სერვისებზეც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საინფორმაციო აქტივობების ერთობლივად განხორციელების საკითხები. საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი მაია ზარიძე, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი/ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, ხოლო საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მხრიდან ორგანიზაციის თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი და ორგანიზაციის წარმომადგენლები გიორგი გულიაშვილი და ჯული გიორგაძე ესწრებოდნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციას და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აქვს. აღნიშნული ორგანიზაცია ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრიცაა.