მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ცეცხლი აინთო" თვის ბოლოს მესამე ფილიალს ხნის - როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია?

ცეცხლი აინთო

სამწვადე „ცეცხლი აინთო“ გაფართოებას აგრძელებს - ბრენდი მიმდინარე თვის ბოლოს მესამე ფილიალს გახსნის, ხოლო წლის ბოლომდე ქსელი ხუთ ობიექტამდე გაიზრდება.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, გიორგი ახსაბაძე BM.GE-სთან აცხადებს, მესამე ფილიალი ვარკეთილში იხსნება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 000 ლარია. ის დასძენს, რომ ობიექტის ამოქმედებასთან ერთად გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც: ამჟამად კომპანიაში, საწარმოს ჩათვლით, 20 ადამიანი მუშაობს, ხოლო წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40-მდე გაიზრდება.

"გაფართოება ბრენდის მიმდინარე წლის მთავარი პრიორიტეტია. თვის ბოლოს ვარკეთილში მესამე ფილიალს გავხსნით, რომელიც წარმადობას დაახლოებით 100%-ით გაგვიზრდის, ხოლო წლის ბოლომდე გვინდა, რომ დედაქალაქში ხუთი ფილიალით ვიყოთ წარმოდგენილები. მეოთხე და მეხუთე ფილიალები თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე განთავსდება და აქედან ერთ-ერთი მათგანი განსხვავებული კონცეფციის იქნება, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე არ გვინდა რომ გავაჟღეროთ. ის შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორი ობიექტის გახსნისთვის დაახლოებით 500 000 ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ", - აცხადებს ახსაბაძე.

კომპანია პარალელურად ცენტრალიზებული საწარმოთი ოპერირებს, რომელიც ყველა ფილიალს ამარაგებს : "საწარმო გვაქვს გამოყოფილი, საიდანაც ყველა ობიექტის მომარაგება ხდება, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთიანი სტანდარტი შევინარჩუნოთ როგორც პროდუქტის ხარისხში, ისე მომსახურებაში", - ამბობს ახსაბაძე.

აღსანიშნავია, რომ "ცეცხლი აინთოს" კონცეფციის საფუძველი მაყალზე მომზადებული პროდუქტია, თუმცა კომპანია მენიუს ეტაპობრივად აფართოებს. როგორც ახსაბაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს ობიექტებს დამატებით ბოსტნეულის მწვადი, სალათები და მარხვის პერიოდისთვის განკუთვნილი შეთავაზებები დაემატება, ხოლო ძირითადი მიმართულება უცვლელი დარჩება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე ბრენდი მხოლოდ თბილისზეა კონცენტრირებული, თუმცა, როგორც თანადამფუძნებელი აცხადებს, 2027 წლიდან ქსელის გაფართოება დედაქალაქის ფარგლებს გარეთაც იგეგმება.

ამ დროისათვის, სამწვადის „ცეცხლი აინთო“ სწრაფი კვების რესტორნები - ვაკეში, აბაშიძის აბაშიძის 10-ში და საბურთალოზე, ტაშკენტის 10 ნომერში მდებარეობს. ობიექტის მენიუს ძირითადი პროდუქტი - კახური, კლასიკური და ქათმის მწვადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები