მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცეცხლის შეწყვეტის ფონზე სპარსეთის ყურეში გადაზიდვის ფასები დასტაბილურდა

გადაზიდვები
BM. GE
28.06.25 10:00
300

ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სპარსეთის ყურეში ტვირთის გადაზიდვის ტარიფები მნიშვნელოვანწილად შემცირდა. დიდი ნავთობმზიდი ხომალდების, ე.წ. სუპერტანკერების დღიური მომსახურება $50,000-მდე შემცირდა. ომის პიკში ეს თანხა $60,000-ს აღწევდა. ომის რისკების გადაზღვევის ხარჯები 0.5%-იდან 0.35-0.45%-მდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო.

საბერძნეთის სავაჭრო გადაზიდვების სამინისტრომ ოპერატორებისთვის გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად შეამცირა და ჰორმუზის სრუტეში მცურავ ხომალდებს აცნობა, რომ ვითარება მეტწილად დასტაბილურებულია. ბაზრის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვითარების დეესკალაციამ და სადაზღვევო კომპანიების მზაობამ, განაგრძონ სპარსეთის ყურეში მცურავი გემების დაზღვევა, ფასების დასტაბილურებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მდგომარეობის ნორმალიზების ფონზე ბაზარზე სიფრთხილე მაინც შეინიშნება. ირანის უმაღლესი ლიდერის გაფრთხილებამ, რომ შტატების ნებისმიერ დამატებითი ჩარევა საპასუხო ზომებს გამოიწვევს, ცხადყო, რამდენად მყიფეა ცეცხლის შეწყვეტის არსებული შეთანხმება. სპეციალისტები შიშობენ, რომ კონფლიქტის ნებისმიერ ფორმით განახლება არსებულ ვითარებას ისევ დაამძიმებს და ფასებზე უარყოფითად იმოქმედებს.

გადაზიდვის ფასების შემცირება ადასტურებს, რომ ზოგადი ეკონომიკური და საბაზრო მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს მხოლოდ დროებითი პაუზა იყოს. ვითარება კვლავ არასაიმედოა და ნებისმიერი, თუნდაც მცირე კონფრონტაცია არსებულ საზღვაო ოპერაციებზე უარყოფითად იმოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები