მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიაღისეული საწვავი მომავალშიც ენერგიის უმთავრესი წყარო იქნება – Exxon-ის პროგნოზი

exxon

ნავთობისა და გაზის მაღალი მოთხოვნა სერიოზულ საფრთხეს უქმნის 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების მიზანს, რაც გლობალური დათბობის შესაჩერებლად აუცილებელი წინაპირობაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო აქტიურად ცდილობს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაზრდას, Exxon Mobil-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის ნავთობი და ბუნებრივი აირი ისევ შეინარჩუნებენ აქტუალურობას და წიაღისეულ საწვავზე გლობალური ენერგომოხმარების 50%-ზე მეტი განაწილდება.

ამჟამინდელი მდგომარეობით, წიაღისეული საწვავი ენერგეტიკული წყაროების 80%-ს შეადგენს, დარჩენილი წილი კი განახლებად ენერგიაზე მოდის. ეს რიცხვი კარგად ასახავს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელობას გლობალური ეკონომიკისა და მრეწველობისთვის.

Exxon-ის პროგნოზის მიხედვით, ნავთობზე მოთხოვნა 2030 წლის შემდეგ დასტაბილურდება, მაგრამ 2050 წლამდე ის დღიურად საშუალოდ 100 მილიონ ბარელზე შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების სწრაფი ზრდისა, ნავთობი კვლავაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში.

მიუხედავად იმისა, რომ Exxon-ის პროგნოზი მიუთითებს, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში ბენზინის წარმოებისთვის ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება, ნავთობის ძირითადი გამოყენება მაინც უცვლელად დარჩება სხვა ეკონომიკურ სექტორებში. მაგალითად, ნავთობი აქტიურად გამოიყენება მრეწველობაში, ქიმიური პროდუქციის წარმოებასა და კომერციულ ტრანსპორტში, როგორიცაა: საზღვაო, საჰაერო და სპეციალური დანიშნულების. ანალიტიკოსების პროგნოზით, თუ 2035 წლისთვის გაყიდული ყველა ახალი ავტომობილი 100%-ით ელექტრო იქნება, ნავთობზე მოთხოვნა დღეში მინიმუმ 85 მილიონ ბარელზე მაინც შენარჩუნდება, რაც დაახლოებით 2010 წლის მოხმარებას შეესაბამება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მსუბუქი ავტომობილების გავლენა ნავთობზე არსებულ მოთხოვნაზე, რეალურად, მინიმალურია.

ეს პროგნოზები ნათლად აჩვენებს, რომ წიაღისეული საწვავის როლი გლობალურ ეკონომიკაში მომავალშიც შენარჩუნდება, მიუხედავად კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისა და ენერგეტიკული ტრანზიციის საჭიროებისა. Exxon-ის შეფასებით, ახალი ტექნოლოგიების და მწვანე ენერგიის წყაროების განვითარება აუცილებელია, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისთვისაც წიაღისეული საწვავის მოპოვების მიმართულებით შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები