მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წიაღისეულის უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტებზე 6 პირი ამხილეს - გარემოსთვის ზიანმა ₾21,8 მლნ შეადგინა

ქვიშა ხრეში

წიაღისეულის უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციისთვის 6 პირი ამხილეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იტყობინება, გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 3 ფაქტი.

კერძოდ, ბრალდებულები შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით, ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და რეალიზაციას. აღნიშნულ ფაქტებზე მხილებულია 6 პირი, მათგან 4 დაკავებულია.

"პირველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 9 163.35 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 138 050.75 ლარის ზიანი მიაყენა.

მეორე სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში ბრალდებულებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტის შენიღბვის მიზნით დაამზადეს 3 443 000 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ამსახველი ყალბი დოკუმენტები. ასევე, მდინარე რიონის კალაპოტიდან 1 346 371 მ³ წიაღისეულის უნებართვო მოპოვებით, გარემოს 19 561 423 ლარის ზიანი მიაყენეს.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გურჯაანისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს 144 793 მ³ ქვიშა-ხრეში. დანაშაულის დაფარვის მიზნით გამოყენებული იყო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია. გარემოს მიყენებულმა ზიანმა 2 172 502 ლარი შეადგინა.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 1 500 327 მ³ სასარგებლო წიაღისეული, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 871 975 ლარი შეადგინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე, 210-ე, 218-ე და 299-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე ვადით", - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები