2026 წლის მაისში, სერგეი მარტინჩუკი კავკასიის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერად დაინიშნა, რის შედეგადაც ის Visa-ს ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და დინამიკურ რეგიონულ პორტფოლიოს ჩაუდგა სათავეში. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მან BMG-ისთან ისაუბრა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ციფრული გადახდების სიმწიფის დონიდან საქართველო გადავიდეს მომდევნო ეტაპზე, რაც სანდო, ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ ტოკენებზე დაფუძნებულ, ინკლუზიურ გადახდებს ნიშნავს. განვიხილეთ საქართველოში არსებული გადახდების ეკოსისტემა, ციფრული ფინანსების მომავალი, ინოვაციებისა და საჯარო-კერძო სექტორების მდგრადი კოლაბორაციის მნიშვნელობა.
მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა საქართველოში. სულ ახლახან თქვენ კავკასიის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის და ჯგუფის რეგიონული მენეჯერის პოზიცია დაიკავეთ. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ საქართველომ და რა როლი აქვს მას თქვენს რეგიონულ ხედვაში?
მადლობა თბილი დახვედრისთვის. საქართველო გამორჩეული ქვეყანაა, რადგან ციფრული გადახდების დანერგვის ეტაპი უკვე ციფრული გადახდების სიმწიფის ეტაპზეა გადასული. საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანებმა ბარათით ან ტელეფონით გადახდა შეძლონ, არამედ იმაზე, თუ რა იქნება შემდეგ - რით დაეხმარება ეს უფრო გონივრულ კომერციას, გააძლიერებს ტურიზმს, შექმნის კონკურენტუნარიან ბიზნესებს, გაამარტივებს საერთაშორისო კავშირებს და განამტკიცებს ციფრულ ეკონომიკას.
ჩემი ახალი პოზიცია მრავალფეროვან ბაზრებს მოიცავს - კავკასიის რეგიონს, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას ციფრული ტრანსფორმაციის განსხვავებული ტემპი და შესაძლებლობები ახასიათებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ადგილობრივი პრიორიტეტები გლობალურ შესაძლებლობებს დავუკავშიროთ. ჩემი ფუნქციაა უზრუნველვყო, რომ Visa-ს გლობალური ინოვაციებით საქართველომ ისარგებლოს, თანაც ისე, რომ ადგილობრივი ეკოსისტემის უნიკალურობა და კონკურენტუნარიანობა შენარჩუნდეს.
Visa-სთვის საამაყოა, რომ უკვე 27 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოს ციფრულ თავგადასავალში ვმონაწილეობთ. უსაფრთხო, უნაღდო გადახდის სისტემათა მოსახლეობამდე მისატანად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბანკებთან, ფინტექ სექტორთან, სავაჭრო ობიექტებთან და ეროვნულ ბანკთან. ჩემი ვიზიტის მიზანი არის ამ თანამშრომლობის გაღრმავება და უკეთ გაგება, თუ როგორ შეუძლია Visa-ს საქართველოს დახმარება განვითარების მორიგ ფაზაში, არა მხოლოდ როგორც საგადახდო ბაზარს, არამედ როგორც ციფრული კომერციის ეკონომიკას.
საქართველოს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც რეგიონულ ლიდერს ციფრული გადახდების დანერგვის პროცესში. რას იტყვით პროგრესზე ამ მიმართულებით და რა როლს ასრულებს Visa ციფრული საგადახდო ინფრასტრუქტურის შექმნის მიღმა?
ერთ-ერთი ცხადი ფაქტორი, რომელიც აჩვენებს, რამდენად განვითარებულია ქართული საგადახდო ეკოსისტემა, არის მისი მოწინავე პოზიცია უკონტაქტო გადახდების მიმართულებით. ქვეყანაში Visa-ს მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების თითქმის 100% უკონტაქტოა. ეს ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. 2016 წელს დანერგილი Visa Token Service გახდა საფუძველი, რომელზეც აიგო ციფრული საფულეებით შეუფერხებელი გადახდის სისტემა, რითაც დღეს უამრავი ქართველი სარგებლობს.
ჩვენ ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობას და საგადახდო ეკოსისტემაში ინვესტირებას კვლავაც ვაგრძელებთ. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ შემოვიტანეთ Visa Direct to Account, რითაც საერთაშორისო ბიზნეს გადახდებზე წვდომა გაიზარდა და საქართველო გლობალურ ფინანსურ სისტემას უფრო მტკიცედ დაუკავშირდა.
თუმცა Visa-ს როლი მხოლოდ ინფრასტრუქტურით არ შემოიფარგლება. ჩვენ ბანკებს, ფინტექ სექტორს, მერჩანტებს, მთავრობებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან დაცული, ურთიერთთავსებადი და მასშტაბირებადი ტექნოლოგიით ვაკავშირებთ. მომხმარებლებს გადახდა უმარტივდებათ, ბიზნესები ფართოვდება, ტურიზმის სექტორი ვითარდება, მცირე საწარმოები ციფრულ ეკონომიკაში ერთვებიან და საქართველო რეგიონული ჰაბის პოზიციას იმყარებს.
ამის ნათელი მაგალითია მაისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, Visa-ს მხარდაჭერით გახსნილი ბიზნეს ლაუნჯი. ეს პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და თიბისი ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა. ეს ცხადყოფს გადახდების, მოგზაურობის, მომხმარებლის გამოცდილებისა და ეკონომიკური განვითარების მჭიდრო კავშირს.
ხელოვნური ინტელექტი გლობალურ კომერციას ცვლის. რა ხელშესახები შედეგები აქვს ამას საქართველოს მსგავს ბაზარზე მოქმედი ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის?
ახლა იწყება ერა, რომელშიც კომერცია იქნება უფრო გონივრული, პერსონალიზებული და ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მომხმარებლის ჩართულობის შემცირებაა. ადამიანებს საკუთარი ხელით მოძებნა, შედარება და გადახდა უფრო და უფრო იშვიათად დასჭირდებათ. სანდო AI აგენტები, ნებართვისა და კონტროლის მკაფიო მექანიზმების შესაბამისად, თავად იპოვიან, შეთავაზებებს ამოარჩევენ, მოგზაურობას დაჯავშნიან, ყოველდღიურ მარაგს შეავსებენ და შესყიდვებს განახორციელებენ.
ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეებისა და ციფრული მერჩანტებისთვის ეს ახალი შესაძლებლობებისა და ვალდებულებების გაჩენას ნიშნავს. მათთვის აუცილებელია გახდნენ შესამჩნევები, სანდოები და მზად იყვნენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციის დასანერგად. AI მათ მომხმარებელთა გამოცდილების პერსონალიზებაში, ბარიერების მოხსნასა და უფრო ეფექტიან საქმიანობაში დაეხმარება, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუკი ეს პროცესები სანდო, გამჭვირვალე საგადახდო გარემოზე იქნება დაფუძნებული.
ამისთვის შეიქმნა Visa Intelligent Commerce, AI აგენტებზე დაფუძნებული კომერციის გლობალური პლატფორმა, სადაც აგენტებს მოძიება, ყიდვა და გადახდა დაცულ გარემოში შეუძლიათ. Agent Score-ისა და Agentic Directory-ის მსგავსი ინსტრუმენტები მერჩანტებსა და AI აგენტებს ერთმანეთთან უსაფრთხო, გამჭვირვალე ურთიერთობაში ეხმარება.
საქართველოში ციფრული გადახდები განვითარებულია და ელექტრონული კომერციის სექტორიც იზრდება, ამიტომ ქვეყანა ამ ტრანზიციისთვის მზად არის. მიზანია არა მხოლოდ ვაჭრობის გამარტივება, არამედ ისეთი კომერციული გარემოს შექმნა, სადაც სიმარტივე, კონტროლი და სანდოობა ერთობლივად გაიზრდება.
ამ ყველაფერს წინასწარ მომზადებული საფუძველი სჭირდება. ტოკენიზაცია სწორედ ამ საფუძვლს წარმოადგენს. CEMEA-ს რეგიონში, ტოკენიზებული ტრანზაქციების წილი 2023 წელს 26%-ს შეადგენდა, 2026 წელს კი 70%-მდე გაიზარდა.ბარათის სენსიტიური ინფორმაცია დაცულმა ციფრულმა ტოკენებმა ჩაანაცვლა და პარალელურად, ერთი შეხებით, შეუფერხებლად გადახდის პრაქტიკაც გაძლიერდა. უახლოეს მომავალში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციისთვის, იგივე ტექნოლოგია ტოკენებით უფრო დეტალური ინფორმაციის გადაცემასა და სანდოობას უზრუნველყოფს.
გარდა იმისა, რასაც მომხმარებელი ხედავს, Visa ინვესტიციებს გადახდების „დაფარულ მხარეს“ სტეიბლკოინებში ახორციელებს. რა არის ამის მიზეზი და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და CEMEA რეგიონისთვის?
საგადახდო სექტორში ინოვაციების დიდი ნაწილი მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად ხორციელდება. სტეიბლკოინები ნათლად გვიჩვენებს, როგორი იქნება მომავალი და ცხადყოფს, როგორ შეიძლება ანგარიშსწორებისა და აქტივების მიმოცვლის პროცესთა უფრო სწრაფად, ავტომატიზებულად და ეფექტიანად განხორციელება.
სტეიბლკოინებით ანგარიშსწორება ხშირდება. 2026 წლის მარტში, Visa-ს სტეიბლკოინების წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი 7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ტოკენიზებული დეპოზიტების ინიციატივა, ბანკებს საშუალებას მისცემს ტრადიციული დეპოზიტები დაპროგრამებად ციფრულ ფულად გადააქციონ ისე, რომ თანხა ბალანსზე შეინარჩუნონ. ჩვენ შევქმენით Visa-ს სტეიბლკოინების პლატფორმა, სადაც ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფინტექ კომპანიებს სტეიბლკოინების გამოშვება, მოძრაობა და მართვა ერთ, Visa-ს მიერ მართულ გარემოში შეუძლიათ. პირველი ასეთი სტებილკოინი არის Open Standard-ის მიერ შემოთავაზებული Open USD (OUSD). გლობალურად უკვე მოქმედებს ან დამუშავების ეტაპზეა სტეიბლკოინებთან დაკავშირებული 160 საბარათე სისტემა. ამას ემატება ტოკენიზაციის მზარდი განვითარება, რაც ნიშნავს, რომ ეს ინოვაციები CEMEA-ს რეგიონში არსებული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზების პრაქტიკული საშუალებაა.
ცხადია, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოს მსგავსად სწრაფად მზარდი, ამბიციური ბაზრებისთვის, თუმცა საჭიროა პასუხისმგებლობიანი და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისი მიდგომა. კომერცია სულ უფრო ციფრული და საერთაშორისო ხდება, ამიტომ ფულის უსაფრთხოდ, ეფექტიანად და მასშტაბურად მოძრაობის შესაძლებლობა, მთელი ეკოსისტემისთვის უპირატესობის მომტანი იქნება.
საქართველოში აქტიურად განიხილება შესაძლო ცვლილებები საგადახდო სისტემების შესახებ კანონში, რაც შეეხება მაგალითად ინდუსტრიის ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებს მათ შორის საკომისიოს. სანამ უშუალოდ ამ თემაზე გადავალთ, იქნებ აგვიხსნათ რა პროცესები მიმდინარეობს, როდესაც ბარათით ან ტელეფონით ვიხდით და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ამ კონტექსტში?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგან მომხმარებლებმა იშვიათად იციან, როგორ ხორციელდება გადახდა.
თითოეული ტრანზაქციის დამუშავებაში რამდენიმე მხარე მონაწილეობს: გამომშვები ბანკები, მიმღები ბანკები, პროცესორები, Visa ან სხვა გლობალური ქსელი, ტექნოლოგიური პარტნიორები, მაგალითად Apple ან Google, რომლებიც ტოკენიზებული გადახდებისთვის ციფრულ საფულეებს ქმნიან.
ეს მხარეები განუწყვეტლივ დებენ ინვესტიციას, რათა გააუმჯობესონ კიბერუსაფრთხოება, თაღლითობის აღკვეთის საშუალებები, დაშიფვრა, შექმნან სანდო და მოსახერხებელი სისტემები.
განსახილველი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე. შევთანხმდით, რომ აუცილებელია გავითვალისწინოთ მთლიანი ეკოსისტემა. არა მხოლოდ საკომისიოები, არამედ ინოვაციაში ინვესტირება და ბაზრის გრძელვადიანი განვითარება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ნაღდი ფული უფასო არ არის. მისი წარმოება, ტრანსპორტირება, დაცვა და მოვლა ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გავლენა გამჭვირვალობასა და საგადასახადო ეფექტიანობაზე.
აქედან გამომდინარე, რეგულაციების ცვლილების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს მთლიანი ეკოსისტემა, რომელშიც ყველა მონაწილე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მის რომელიმე ცალკეულ ნაწილში ფასის ან სტრუქტურის ცვლილება მთელ გარემოზე აისახება.
კონტექსტის უკეთ გასაგებად, რომელ ქვეყნებში განხორციელებულა მსგავსი ცვლილებები და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი მიდგომა სამ შედეგს იწვევს.
პირველ რიგში, მცირდება მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ლოიალობისა და დაჯილდოების პროგრამები, რომლებიც საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარულია. უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი პროგრამებისთვის თანხის გამოყოფაზე საკომისიოს ზედა ზღვრის ცვლილება პირდაპირ აისახება.
მეორე - ასეთ დროს ბანკები მომხმარებლებს უმატებენ ახალი სერვისის საფასურებს, როგორიცაა ანგარიშის მომსახურების, ან ბარათების გამოცემის საკომისიოები, რაც მომხმარებელთა უფრო დიდ ჯგუფზე აისახება და არა მარტო მათზე, ვინც წამახალისებელი პროგრამებით სარგებლობდა.
მესამე - ხშირად ინოვაცია ნელდება, მცირდება ინვესტიციები ახალ საგადახდო ტექნოლოგიებში, პროდუქტის განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ეს საქართველოს მსგავსი ბაზრებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან აქ მაღალგანვითარებული ციფრული გადახდების ეკოსისტემა უკვე არსებობს.
ეს მხოლოდ დაუდასტურებელი წუხილი არ არის. გამოცდილება სხვადასხვა ბაზარზე დაკვირვებით მივიღეთ და მჯერა, რომ განვითარების ყველაზე მდგრადი გზა ჯანსაღ კონკურენციასა და პარტნიორობაზე გადის.
ახლახან Visa-მ წარადგინა ახალი ინსტრუმენტები კიბერუსაფრთხოების და მცირე ბიზნესების კომერციის მიმართულებით, მათ შორის Visa Threat Intelligence პლატფორმა და სმარტფონებისთვის განკუთვნილი ახალი შესაძლებლობები. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი Visa-ს ფართო რეგიონული სტრატეგიისთვის?
უსაფრთხოება და ჩართულობა ჩვენი რეგიონული სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ასპექტებია და ინოვაციები სწორედ ამ ორივე საკითხს მიემართება.
Visa Threat Intelligence პლატფორმა კიბერ უსაფრთხოებას საგადახდო ანალიტიკასთან აერთიანებს, რითაც ფინანსურ ინსტიტუტებს კიბერსაფრთხეების უფრო მალე დაფიქსირებაში ეხმარება. პლატფორმა აგებულია Visa-ს გლობალურ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ყოველთვიურად 90 მილიონ კიბერთავდასხმასა და ფიშინგის 11 მილიონ ელექტრონულ წერილს უმკლავდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ ტექნოლოგიაში 13 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესებს წვდომა გავუზარდოთ. Visa Accept-ის მეშვეობით, სმარტფონი გადაიქცევა საგადახდო ტერმინალად, რომლითაც მიკრო-მერჩანტებს ციფრული გადახდების მიღება დამატებითი აპარატურის გარეშე შეუძლიათ. Visa Direct კი იმავე მოწყობილობიდან თანხის სწრაფად გაცემაზეა პასუხისმგებელი და შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელფასების დასარიგებლად, თანხის დასაბრუნებლად და მოვაჭრეებთან ანგარიშსწორებისთვის.
მსოფლიოში 1.3 მილიარდი ზრდასრულია, რომელიც საბანკო სერვისებით არ სარგებლობს. მათი 40% სმარტფონებს იყენებს. მსგავსი ინსტრუმენტები მათ ფინანსურ ჩართულობას უწყობს ხელს. საქართველოსთვის და მთლიანი რეგიონისთვის ეს მოიტანს მცირე ბიზნესებისთვის შემცირებულ ბარიერებს, გაუმჯობესებულ ფულად ნაკადებს და მეტი მსურველისთვის ხელმისაწვდომ ციფრულ კომერციას.
როგორია სამომავლო პრიორიტეტები საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის, ასევე რას ეტყოდით ადგილობრივ ბიზნესებსა და მომხმარებლებს?
ჩვენი პრიორიტეტია, საქართველოს ციფრული კომერციის მომდევნო ეტაპზე მარტივად გადასვლაში დავეხმაროთ. ამისთვის გავაგრძელებთ თანამშრომლობას ბანკებთან, ფინტექ ორგანიზაციებთან, მერჩანტებთან, სამთავრობო ინსტიტუტებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რათა ხელი შევუწყოთ ფულის სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტიანად მოძრაობას და მომხმარებელსა და ბიზნესს სანდო ინოვაციები შევთავაზოთ.
ციფრული გადახდების წილი იზრდება. ისინი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება, ამიტომ ნდობა გადამწყვეტი ფაქტორია. ინოვაციის მასშტაბი მხოლოდ მაშინ იზრდება, თუკი მის უსაფრთხოებაში ბევრი მომხმარებელია დარწმუნებული, ბიზნესი სიახლეებს ნერგავს და ეკოსისტემა მდგრადობას ინარჩუნებს.
ციფრული გადახდების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ლიდერია. ახლა მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნას კონკურენტუნარიანობის, მცირე მეწარმეთა მხარდაჭერის, ტურიზმის და საერთაშორისო კომერციის განვითარების შესაძლებლობა. ამგვარად, ციფრული ეკონომიკა უფრო მეტი მოქალაქისთვის იმუშავებს. Visa-ს მისია არ შეცვლილა - ეკონომიკების დაკავშირება, წვდომის გაფართოება და ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა. ჩვენი გეგმა არის ვიყოთ საქართველოს გრძელვადიანი მეგზურები სანდო, ინოვაციური და ინკლუზიური ციფრული კომერციის გზაზე.




























