მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული მზაობის ინდექსი 2023 – რა შედეგები აქვს საქართველოს?

ციფრული

2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსში საქართველო 134 ქვეყანას შორის 78–ე ადგილს იკავებს.

Network Readiness Index (ციფრული მზაობის ინდექსი) პირველად 2002 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა. ინდექსმა 2019 წელს გარკვეული მოდიფიკაცია განიცადა და მას შემდეგ მსოფლიოს 134 ქვეყანაში ციფრულ მზაობას ზომავს. ინდექსი მოიცავს 58 ინდიკატორს და ციფრული მზაობის 4 განზომილებას – ტექნოლოგიები, ადამიანები, მმართველობა და გავლენა.

ტექნოლოგიების სვეტის მიზანია შეაფასოს ქვეყნის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მზაობა, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისთვის. აქ აქცენტი კეთდება ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობასა და მის ხარჯ–ეფექტიანობაზე; ასევე – შინაარსზე და ტექნოლოგიების მრავალფეროვნებაზე და ბოლოს – მომავლის ტექნოლოგიებზე ანუ მზაობაზე, აითვისოს და დანერგოს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი.

ადამიანების სვეტის მიზანია ტექნოლოგიების დანერგვის შეფასება ადამიანების, ბიზნესების და საჯარო სექტორის დონეზე. აქ აქცენტი კეთდება უნარებზე, ინკლუზიურობაზე და ჯამში იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ ძირითად მხარეებს ტექნოლოგიების სიკეთეების ათვისება და გამოყენება. ბიზნესების და მთავრობების დონეზე ყურადღება მახვილდება ინვესტიციებზე, მათ შორის, ე.წ. არ ენდ დი მიმართულებით – ანუ კვლევისა და განვითარების მიმართულებით.

მმართველობის სვეტში აქცენტი კეთდება ტექნოლოგიების მომხმარებელთა დაცულობასა და უსაფრთხოებაზე. განზომილებების ტრიადაა ინდექსის ყურადღების ცენტრში – ნდობა, რეგულაციები, ინკლუზიურობა.

და ბოლოს, გავლენა ეკონომიკაზე – მათ შორის, რამდენად ზრდის ადგილობრივი ბაზრის მასშტაბს; რამდენად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და რამდენად ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებს – იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, გენდერული თანასწორობა თუ გარემოს დაცვა.

საქართველოს შემთხვევაში შედარებით ძლიერი მხარე – 66–ე პოზიცია – მმართველობაა, მაგრამ გავლენის კომპონენტში საქართველო – 134 ქვეყანას შორის 98–ე ადგილზეა. ტექნოლოგიების და ადამიანების კომპონენტებშიც საქართველოს აქვს პოტენციალი ინდექსში უკეთესი პოზიციები აჩვენოს.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციებს სხვადასხვა ქვე–კომპონენტის მიხედვით – ნათლად ჩანს, რომ ციფრული მზაობის კუთხით, ყველაზე ძლიერი მხარე ადამიანები, ინდივიდები და ბიზნესებია.

ეს მოცემულობა უფრო დეტალური ჩაშლითაც დასტურდება: რითაც საქართველოს საშუალო მაჩვენებელი ოდნავ მაინც აჭარბებს ზედა მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს – ეს სწორედ ადამიანების კომპონენტია. შესაძლოა, ეს სხვაობა საკმაოდ უმნიშვნელოა, მაგრამ იმ ფონზე, როცა ყველა სხვა კომპონენტის მიხედვით და ისევე, როგორც ინდექსში საბოლოო პოზიციით, საქართველო ჩამოუვარდება როგორც თავისივე შემოსავლების ჯგუფის ქვეყნებს ისე, ევროპის საშუალო მაჩვენებელსაც – ეს მცირე სხვაობა აღსანიშნია. ევროპის მასშტაბით, საქართველო 2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსში 39–ე პოზიციას იკავებს.

კიდევ უფრო დეტალურად რომ ჩავყვეთ ინდიკატორებს, ყველაზე მტკივნეული სფეროები საქართველოსთვის გამოდის მომავლის ტექნოლოგიები; ფინანსურ ანგარიშებთან ონლაინ წვდომა; ელექტრონული კომერციის კანონმდებლობა; ტელეკომუნიკაციების სერვისებში ყოველწლიური ინვესტიციები; განვითარებად ტექნოლოგიებში ინვესტიციები; გავლენა ეკონომიკაზე; მაღალტექნოლოგიური ექსპორტი; ადგილობრივი ბაზრის ზომა; SDG-კონტრიბუცია; მდგრადი ქალაქები და თემები. 2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა სკოლებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

რომ შევაჯამოთ, 2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსში (NRI) საქართველოს ყველაზე ძლიერ ინდიკატორებს შორისაა: ციფრული მზაობის ინდექსში სკოლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა; ზრდასრულთა წიგნიერება; მოსახლეობა, რომელსაც ხელი მიუწვდება სულ მცირე 3G ინტერნეტზე; სოციალური ქსელების გამოყენება; მესამე მხარის ჩართულობა; რეგულირების ხარისხი; ციფრული ტექნოლოგიების მარეგულირებელი გარემო; გენდერული უთანასწორობა ინტერნეტის გამოყენებისას.

რაც შეეხება ყველაზე სუსტ ინდიკატორებს, რომლებსაც ინდექსი საქართველოს შესაძლებლობებად განიხილავს – მათ შორისაა: ხარისხიანი განათლება; ბიზნესის მხრიდან აქცენტი კვლევასა და განვითარებაზე; სატელეკომუნიკაციო სერვისებში ყოველწლიური ინვესტიციები; ელექტრონული კომერციის კანონმდებლობა; მდგრადი ქალაქები და თემები.2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსის გლობალური ლიდერები არიან: ამერიკა, სინგაპური, ფინეთი, ნიდერლანდები და შვედეთი.

რეგიონების მიხედვით, ინდექსის ლიდერები ასე ნაწილდება: აფრიკა – კენია; არაბეთი – არაბეთის გაერთიანებული საამიროები; აზია და წყნარი ოკეანია – სინგაპური; დსთ – რუსეთის ფედერაცია; ევროპა – ფინეთი; ამერიკა – შეერთებული შტატები.

შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, ლიდერები ასე ნაწილდება: მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნები – ამერიკის შეერთებული შტატები; ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები – ჩინეთი; ქვედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები – უკრაინა; დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნები – რუანდა.

2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსი იმასაც აჩვენებს, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების დიდი ნაწილი რომელიმე სვეტის მიხედვით მაინც აჩვენებს პროგრესს.

გლობალური ინდექსის შესახებ ინფორმაცია ინდექსის ავტორებმა ექსკლუზიურად „ანალიტიკა“–ს გაუზიარეს. ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა ექსკლუზიურ ინტერვიუებსაც ამზადებს, რომლებსაც bm.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები