მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შედეგი შერეული ფაქტორების გავლენით დგება” - რაფაელ ესკალონა რეინოსო 2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსის შესახებ

ანალიტიკა

ციფრული მზაობის ინდექსი პირველად 2002 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა.

ინდექსმა 2019 წელს გარკვეული მოდიფიკაცია განიცადა და მას შემდეგ მსოფლიოს 134 ქვეყანაში ციფრულ მზაობას ზომავს. ინდექსი მოიცავს 58 ინდიკატორს და ციფრული მზაობის 4 განზომილებას – ტექნოლოგიები, ადამიანები, მმართველობა და გავლენა.

ტექნოლოგიების სვეტის მიზანია შეაფასოს ქვეყნის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მზაობა, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისთვის. აქ აქცენტი კეთდება ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობასა და მის ხარჯ–ეფექტიანობაზე; ასევე – შინაარსზე და ტექნოლოგიების მრავალფეროვნებაზე და ბოლოს – მომავლის ტექნოლოგიებზე ანუ მზაობაზე, აითვისოს და დანერგოს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი.

ადამიანების სვეტის მიზანია ტექნოლოგიების დანერგვის შეფასება ადამიანების, ბიზნესების და საჯარო სექტორის დონეზე. აქ აქცენტი კეთდება უნარებზე, ინკლუზიურობაზე და ჯამში იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ ძირითად მხარეებს ტექნოლოგიების სიკეთეების ათვისება და გამოყენება. ბიზნესების და მთავრობების დონეზე ყურადღება მახვილდება ინვესტიციებზე, მათ შორის, ე.წ. არ ენდ დი მიმართულებით – ანუ კვლევისა და განვითარების მიმართულებით.

მმართველობის სვეტში აქცენტი კეთდება ტექნოლოგიების მომხმარებელთა დაცულობასა და უსაფრთხოებაზე. განზომილებების ტრიადაა ინდექსის ყურადღების ცენტრში – ნდობა, რეგულაციები, ინკლუზიურობა.

და ბოლოს – თუმცა, როგორც “ანალიტიკა”–ს ექსკლუზიური ინტერვიუდან გამოჩნდება ცოტა ხანში – ინდექსი ყველაზე დიდ წონას სწორედ ამ კომპონენტს და ამ სვეტს ანიჭებს – ეს გავლენაა. გავლენა ეკონომიკაზე – მათ შორის, რამდენად ზრდის ადგილობრივი ბაზრის მასშტაბს; რამდენად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და რამდენად ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებს – იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, გენდერული თანასწორობა თუ გარემოს დაცვა.

2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსის გლობალური ლიდერები არიან: ამერიკა, სინგაპური, ფინეთი, ნიდერლანდები და შვედეთი.

რეგიონების მიხედვით, ინდექსის ლიდერები არიან აფრიკაში – კენია; არაბეთში – არაბეთის გაერთიანებული საამიროები; აზია და წყნარი ოკეანიაში – სინგაპური; დსთ–ში – რუსეთის ფედერაცია; ევროპაში – ფინეთი; ამერიკაში – შეერთებული შტატები.

შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, ლიდერები არიან მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის – ამერიკის შეერთებული შტატები; ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის – ჩინეთი; ქვედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის – უკრაინა; დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის – რუანდა.

2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსი იმასაც აჩვენებს, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების დიდი ნაწილი რომელიმე სვეტის მიხედვით მაინც აჩვენებს პროგრესს.

“ანალიტიკა”–მ მოკლე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ინდექსის ერთ–ერთ ავტორთან, რაფაელ ესკალონა რეინოსოსთან, რომელიც პორტულანს ინსტიტუტის CEO-ა და რომელთანაც აქცენტი დავსვით, როგორც ციფრული მზაობის გაზომვის საჭიროებაზე, ასევე იმ მთავარ გლობალურ ტრენდებზე, რასაც კარგია, რომ საქართველოც არ ჩამორჩეს.

ციფრულ მზაობაზე ვისაუბრებთ დღეს, ინდექსზე, რომელიც ქვეყნების მიხედვით, ზომავს ამ მზაობას და ჩვენი საუბარი მინდა დავიწყოთ მნიშვნელობის ხაზგასმით – რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული მზაობის დროში გაზომვა?

პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ციფრული მზაობის თემა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით. ამ მზაობის დროში გაზომვა ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო გასაგები გახდეს, რამდენად უწყობენ ისინი ფეხს ტექნოლოგიების ათვისებას და მათ გამოყენებას პრაქტიკაში. ეს კი თავის მხრივ უფრო მკაფიო წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ინფრასტრუქტურა და როგორ იყენებს ქვეყანა ამ ინფრასტრუქტურას და ტექნოლოგიებს. საბოლოო ჯამში კი როგორ ერთიანდება ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებისთვის და ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის უფრო ზუსტ პროგნოზირებას. მიმაჩნია, რომ ციფრულ მზაობაზე ზრუნვა თანამედროვეობის მნიშვნელოვანი ელემენტია ინოვაციური განვითარების მისაღწევად.

რამდენად ართმევს თავს ამ ამოცანებს ინდექსი წლების განმავლობაში?

რის გაზომვაც არ შეგიძლია, ვერც აკონტროლებ. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტ გაზომვას თავისი გამოწვევები აქვს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინდექსი იძლევა განსხვავებულ პერსპექტივებს – ასე უკეთაა შესაძლებელი იმ ფართო, უხეში სურათის დანახვა თუ რა მდგომარეობაშია დღეს ტექნოლოგიები, როგორ იყენებს მათ რეგიონი ან კონკრეტული ქვეყანა. ვფიქრობ, ინდექსის მთავარი ღირებულება მაინც ის არის, რომ შესაძლებელია ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება.

რა ტიპის გლობალური ტრენდები იკვეთება 2023 წელს?

წელს რამდენიმე ძალიან საინტერესო მიგნება გვაქვს. ამ კვლევას რამდენიმე წელია უკვე ვატარებთ. მაგალითად, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიას თუ ავიღებთ, დავინახავთ, რომ ციფრული მზაობა ამ ქვეყნებში საკმაოდ მაღალია, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი ჩამორჩებიან ამ ტექნოლოგიების გამოყენების სოციალურ ასპექტებში. შესაბამისად, ამერიკა, ევროპა, დასავლეთ ევროპის ქვეყნები – გაცილებით წინ არიან იმიტომ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგიების ფლობა, არამედ, მათი პრაქტიკაში ისე გამოყენება, რომ ამას დადებითი გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაზე. ეს არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დაკვირვება, რაც მინდა ამ წლის ციფრული მზაობის ინდექსიდან გაგიზიაროთ.

თქვენ აღმოსავლეთსა და დასავლეთზე გააკეთეთ აქცენტი, თუმცა არის თუ არა განსხვავებები ვთქვათ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორისაც?

დიახ. ეს კიდევ ერთი მიგნებაა, რომელიც წლების განმავლობაში ჩანს. არ არის აუცილებელი, რომ ქვეყნები, რომლებიც ტექნოლოგიებს ავითარებენ და შემდეგ მათ ეფექტიანად იყენებენ, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნები იყვნენ. რაც მთავარია, განვითარებადი მსოფლიოს ქვეყნები უფრო და უფრო მეტად აცნობიერებენ ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებას და მათი მიდგომაც იცვლება – არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ადაპტაციაზე მუშაობენ, არამედ, ტექნოლოგიების დანერგვაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, მაგალითად, მმართველობა, რასაც შემდეგ უკვე პირდაპირი გავლენა აქვს ხალხზე და მათ კეთილდღეობაზე. ცნობიერების ამ კუთხით ამაღლება იმას იწვევს, რომ განვითარებადი ქვეყნების დიდი ნაწილი ინდექსში საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებს განვითარებული ქვეყნების კვალდაკვალ – რადგან განვითარებული ქვეყნების რესურსების და მზაობის გათვალისწინებით, ისინი თითქმის ავტომატურად ხვდებიან რეიტინგის წინა რიგებში.

როგორი პროცესია ეს? ვინ არის ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი – ცოტა ამაზეც ვისაუბროთ. ეს ქვევიდან ზევით პროცესია, სადაც კერძო სექტორს ენიჭება უპირატესობა, თუ პირიქით – ზევიდან ქვევით პროცესი, სადაც ვთქვათ საკანონმდებლო ბაზას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა?

ძალიან კარგი კითხვაა. რეალობაში და პრაქტიკის გათვალისწინებით, შედეგი შერეული ფაქტორების გავლენით დგება. მივედით იმის გააზრებამდეც, რომ ყველა მოდელი ყველას არ ერგება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ეკონომიკაზე, მის მდგომარეობაზე, განვითარების დონეზე. თუმცა, იმისთვის რომ ციფრული მზაობის ხარისხი ამაღლდეს, ერთი რამ აუცილებელია – ეს ყველა მხარის ჩართულობა და ძალისხმევაა. ჩვენ ვაკვირდებით, რომ საჯარო და კერძო სექტორებს შორის ურთიერთკავშირი ყოველთვის მჭიდრო არ არის, რაც შემდეგ უკვე შედეგებზეც მოქმედებს. ეს კერძო–საჯარო თანამშრომლობა ამ ტიპის ტექნოლოგიური განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მე ვერ გამოვარჩევ, რომელი აქტორია კონკრეტულად და უფრო მეტად მამოძრავებელი განვითარების, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო ეს – თუ რომელიმე რგოლი აკლია, ციფრული მზაობა ეცემა.

განვითარებადი ქვეყნები როგორც წესი აქცენტს სოციალური საჭიროებების გადაწყვეტაზე აკეთებენ ხოლმე – ასეთ ქვეყნებში ტექნოლოგიებში ინვესტირება კერძო და საჯარო სექტორის პრიორიტეტი მაინც უნდა იყოს?

დიახ. მიმაჩნია, რომ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ტექნოლოგიებში ინვესტირება უფრო მეტად ფუფუნების სფეროა. ამის საპირისპიროდ, ამ ინვესტიციების აღქმა საჭიროა, როგორც ინსტრუმენტის, რომელიც დროთა განმავლობაში ისეთი ტიპის განვითარებას მოიტანს, რომელიც ეკონომიკის ყველა სფეროს შეეხება. ამის მიზეზი ის არის, რომ ტექნოლოგიების განვითარება პროდუქტიულობის ზრდის წინაპირობა ხდება. განმარტების მიხედვით, ტექნოლოგიებში ინვესტირებულმა თანხამ სარგებელი უნდა მოუტანოს საზოგადოებას, ნებისმიერ დონეზე – აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ამ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობაც. მაგალითად – ინტერნეტზე ხელმისაწვდომობამ სრულად შეცვალა ბაზრები, გაზარდა პროდუქტიულობა – ამასთან, კონკრეტულ ინდივიდამდე დადის ეს გავლენა – ინდივიდი, რომელიც ინტერნეტს იყენებს, არ არის აუცილებელი იყოს მაღალი შემოსავლების ან ტექნოლოგიურად მაღალი განვითარების ინდივიდი. კერძო სექტორს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ტექნოლოგიებში ინვესტირებით, ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ციფრული მზაობის გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები