მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“IMF-ს პროგრამის გაჩერება გრძელვადიან პერიოდში არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება” - ლექსო ალექსიშვილი

64b943807e5ef
ელენე კვანჭილაშვილი
20.07.23 18:15
805
19 ივლისს, ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–ს ერთი ბლოკი მთლიანად იმ სიტუაციის ანალიზს დაეთმო, რაც კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ მას შემდეგ, რაც Fitch-ის უახლეს ანგარიშში ამოვიკითხეთ ფრაზა, რომ "სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება".

სანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბორდი თავის დასკვნას არ მოამზადებს, მიმოხილვა დასრულებულად ვერ ჩაითვლება. მეტი დეტალი ამ ეტაპზე არ ხმაურდება – ოფიციალური განცხადებისგან თავს იკავებს როგორც მთავრობა, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი და Fitch-იც, რომელსაც ანალიტიკა კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ანგარიშშია ნათქვამი.

ლექსო ალექსიშვილი “ანალიტიკა”–სთან ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რადგან მასთან დაკავშირებულია ბევრი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიც, მათ შორის მსოფლიო ბანკი, რეგიონული ბანკები და შესაბამისად, ყველა ის საერთაშორისო პროექტიც, რომელსაც საქართველო ამ ეტაპზე ახორციელებს – იქნება ეს განათლების, სოციალურ, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სექტორებში.

“თვითონ ეს ინსტრუმენტი – ე.წ. სთენდ ბაი ინსტრუმენტი – არის ისეთი ხასიათის ინსტრუმენტი, როდესაც ფაქტიურად ფული არის დარეზერვებულ მდგომარეობაში და ის არის გამზადებული იმისთვის, რომ თუკი რაიმე ტიპის შოკი მოხდება – საგარეო, საშინაო არ აქვს მნიშვნელობა – და ამ დროს დასჭირდება ქვეყანას ფული, მას ჰქონდეს შესაძლებლობა და მარტივი წვდომა ამ ფულზე” – ამბობს ლექსო ალექსიშვილი.

‘ანალიტიკა’–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის რეპლიკის საპასუხოდ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას არ სჭირდება ის 40 მილიონი დოლარი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება მეორე მიმოხილვის დასრულების შემდეგ – ლექსო ალექსიშვილი განმარტავს, რომ თანხა დღეს შეიძლება მართლაც არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის სხვა დატვირთვაც აქვს.

ლექსო ალექსიშვილის ანალიზით, ეს პროგრამა საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის ვალიდაციას ახდენს გლობალურად.

“მაგალითად, ის ფაქტი, რომ ჩვენ მიმდინარე წელს გვექნება ეკონომიკური ზრდა, გვექნება დაბალი ინფლაცია; მოკლედ, გარკვეული ეკონომიკური მდგომარეობა, წარმატებულიც და წარუმატებელიც, ამის ფორმალური დადასტურება ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონის მიერ და შემდეგ, ამაზე რეაგირებს ყველა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც და კერძო სექტორიც”, – განმარტავს ლექსო ალექსიშვილი.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, სრულიად პირდაპირ და ცალსახად უნდა ითქვას, რომ “საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის გაჩერება გრძელვადიან პერიოდში არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები