მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ არ გვინდა, საქართველო იყოს მხოლოდ გამტარი“ – ექსკლუზიური ინტერვიუ ლესლი ლაჰმისთან, ADB

ლესლი

ლესლი ბაერმან ლაჰმიმ, აზიის განვითარების ბანკის – ADB–ის – დირექტორმა საქართველოში, რომელიც აქედან ფარავს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტს – “ანალიტიკა“–ს კითხვებს უპასუხა. ეს მისთვის პირველი პირისპირ ინტერვიუს ფორმატია საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. ლესლი ბაერმან ლაჰმიმ ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორის პოზიცია ოფიციალურად შარშან სექტემბერში ჩაიბარა.

წელს თებერვალში, ADB-იმ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი განაახლა, რომელიც 2024–2028 წლების პერიოდს მოიცავს. სტრატეგიის სათაურშივე თავმოყრილია ყველა ის ამოცანა და მიზანი, რასაც ამ პერიოდში ქვეყანამ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით უნდა მიაღწიოს.

საქართველო 2024–2028 – მწვანე და ინკლუზიური კარიბჭის განვითარება – როგორც სათაურიდანაც ჩანს, აქაც, აზიის განვითარების ბანკის შემთხვევაშიც, ისარი მკვეთრად არის გადახრილი მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვისკენ და მათი გაძლიერებისკენ – თუმცა, საქართველოს კარიბჭედ მოხსენიება – ცალსახად აჩვენებს, რომ აზიის განვითარების ბანკს, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში მსხვილი და რთული, კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტების დამფინანსებელი – დღესაც ესმის, რომ საქართველომ შუა დერეფნის პოტენციალი უნდა აითვისოს და ამაში, ეიდიბი–ს მხარდაჭერის იმედიც შეიძლება ჰქონდეს.ყველაზე მთავარ რისკად ამ გზაზე აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობას და მაკროეკონომიკურ მენეჯმენტს მიიჩნევს.

უფრო კონკრეტულად, აქცენტი კეთდება იმ შესაძლო შედეგებზე, რაც შეიძლება საქართველოზე გავრცელდეს რუსეთის განგრძობითი სანქცირების პირობებში – ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს ვაჭრობასა და ტურიზმზე, შეასუსტოს ვალუტა – მათ შორის, შემცირებული ფულადი გადარიცხვების გამოც. კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში და უფრო ფართო გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, შეიძლება შეფერხდეს საქართველოს, როგორც მედეგი ტრანზიტული ჰაბის განვითარების პროცესი, ხოლო მზარდი იმიგრაცია და ინფლაცია შესაძლოა სოციალურ ფრაგმენტირებასა და ეკონომიკურ უთანასწორობაში გადაიზარდოს – ასე უყურებს აზიის განვითარების ბანკი მთავარ რისკს საქართველოსთვის.

ამ რისკების საპასუხოდ, ეიდიბი–ს შეფასებით, მთავრობას შეიძლება დასჭირდეს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება, თარგეტირებული სუბსიდიის გაცემა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე და ხარჯების რე – პრიორიტეტიზება.„ ქვეყნის სტრატეგიის პრიორიტეტების უმრავლესობა მიზნად ისახავს ამ რისკების შემცირებას და აზიის განვითარების ბანკი ამ ნაწილში კოორდინირებულად იმოქმედებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად, რომ IMF–თან ერთად შეიმუშაოს საჭირო კონტრციკლური დაფინანსება და სათანადო პასუხი გასცეს კრიზისს“ – წერია დოკუმენტში.

2024–2028 წლების სტრატეგიაში მხოლოდ ეს არ არის, სადაც არ აიემეფ–თან კოორდინაციის საჭიროება იკვეთება. მაგალითად: საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიულ დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ თუ საქართველოს ერთდროულად სურს მწვანე ეკონომიკის განვითარება, შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება და ამავდროულად, გარემოზე ზემოქმედების შემცირება – მაშინ საუკეთესო გამოსავალი რკინიგზის განვითარებაა.“ტრანზიტული ვაჭრობის მხარდაჭერისთვის და ნახშირბადტევად საგზაო ტრანსპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, სარკინიგზო გადაზიდვების ზრდაზე ფოკუსირება სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზანია.

ამის მისაღწევად, ადგილობრივი სახელმწიფო საწარმო – საქართველოს რკინიგზა – საჭიროებს უკვე დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანას – მათ შორის, ეფექტიანობის ზრდას და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებას” - წერია დოკუმენტში.რკინიგზის განვითარებას აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ფისკალური რისკების ნაწილშიც აქცევს ყურადღებას – წერს, რომ მნიშვნელოვანია კორპორაციული რესტრუქტურიზაცია იმისთვის, რომ მსხვილი სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა გაიზარდოს.

ფისკალური რისკების ნაწილში ADB–ის სხვა სამიზნეებიც აქვს მონიშნული – მათ შორისაა: საჯარო–კერძო პარტნიორობის პასუხისმგებლიანი გამოყენება, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ფიზიკური აქტივები მდგრადად იყოს გამოყენებული და მოხერხდეს მათი შენარჩუნება; საჯარო ვალის კლიმატმეგობრული მენეჯმენტის სისტემები; ახალი ფისკალური ჩარჩო, რომელიც უკეთ მოერგება საქართველოს რეალობას – კერძოდ, დაბერებად მოსახლეობას და სხვა დემოგრაფიულ ცვლილებებს იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს ადგილობრივი რესურსების მობილიზება და ამ მობილიზების სტიმულირება და ბოლოს – ADB აქცენტს აკეთებს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. ეს განვითარება, ბანკის შეფასებით, აუცილებელია უცხოური ვალუტის დაფინანსებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად.კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან მიმართებით, წვრილი შრიფტით მიწერილი, მაგრამ ძალიან საინტერესო ე.წ. ფუტნოუთი / სქოლიო გვხვდება ამ დოკუმენტში და მინდა, რომ ჩვენც გავამახვილოთ ამ ანალიზზე ყურადღება.

„კაპიტალის ბაზრები არ არის საქართველოში სათანადოდ განვითარებული, რადგან საქართველოს ეკონომიკის ზომა მცირეა; საფინანსო სისტემა ბანკებზე – ცენტრირებულია– ამასთან, ორი სისტემური ბანკი საქართველოს საფონდო ბირჟის აქციების და ინფრასტრუქტურის უმრავლესობას ფლობს და ამდენად, შეუძლია გავლენა იქონიოს კაპიტალის ბაზრის განვითარების ტემპზე; და ბოლოს – მოთხოვნა, რომ აქციები ივაჭრებოდეს ორგანიზებულ საფონდო ბირჟაზე არ არსებობს – მას შემდეგ, რაც ასეთი მოთხოვნა გაუქმდა, ამან ხელი შეუწყო საფონდო ბირჟის გარეთ, დახლ–მიღმა ბაზრის განვითარებას“ – წერია დოკუმენტში.გთავაზობთ „ანალიტიკა“–ს სრულ ექსკლუზიურ ინტერვიუს ლესლი ლაჰმისთან – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში.

- ქალბატონო ლესლი, დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩემს კითხვებს. მოდი, ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმ მოლოდინებით და მზადებით, რაც თან ახლავს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის გამართვას. წელს მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.

- დიახ. ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია და იმედი მაქვს, ასეა – საქართველოსთვისაც. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს. 2015 წელს აზერბაიჯანი იყო მასპინძელი, ამდენად, ეს მხოლოდ მეორე შემთხვევა იქნება, როცა შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში გაიმართება. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია. ვფიქრობთ, ეს მართლაც საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ხაზი გავუსვათ და შევაჯამოთ ის პარტნიორობა, რაც ამ დრომდე საქართველოსა და ADB–ის შორის არსებობს. ამის მიღმა, საქართველოს მიეცემა შანსი კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ მზად არის რეგიონალურ თანამშრომლობასა და განვითარებაში წვლილი შეიტანოს. ვიტყოდი, რომ მთავრობა ასეთი ტიპის ღონისძიებების გამართვის საქმეში პროფესიონალია. აბრეშუმის გზის ფორუმის, CAREC-მინისტერიალის დროს ამაზე დაკვირვების და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა გვქონდა. მზადების უზადო პროცესი იყო. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და პროგრესით კმაყოფილები ვართ.

- როგორ ხედავთ კერძო სექტორის როლს? რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ამ შეხვედრაში?

-ყოველ წელს განსხვავებული თემა გვაქვს. წელს ეს თემაა – ხიდი მომავლისკენ – ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება რეგიონალურ ინტეგრაციას. ეს ძალიან მაღალი დონის შესაძლებლობაა – ათასობით დელეგატი მსოფლიოს მასშტაბით – განსაკუთრებით აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან – აქ იგულისხმება კერძო სექტორიც, მაგრამ ასევე – მაღალი რანგის, მთავრობის წარმომადგენლები, ფინანსთა მინისტრები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება. ეს საქართველოსთვის არის ლიდერობის შესაძლებლობა –იყოს დღის წესრიგის განმსაზღვრელი ბევრი საკვანძო საკითხის ირგვლივ, წარმართოს დისკუსიები რეგიონალური მნიშვნელობის თემებზე. ეს არის შესაძლებლობა კერძო სექტორისთვის დაუკავშირდეს მისთვის სასურველ პარტნიორებს და გამოიყენოს ნეთვორქინგის შანსი.

- თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ეს არის შესაძლებლობა, ხაზი გაესვას ADB–საქართველოს შორის თანამშრომლობას – რომელი რიცხვებია ყველაზე შთამბეჭდავი?

- საქართველო ADB–ის 2007 წელს შეუერთდა. მას შემდეგ ჩვენ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი დავაინვესტირეთ ქვეყანაში. ეს დაფინანსება დროთა განმავლობაში განვითარების შესაბამისი საჭიროებების მიხედვით განაწილდა. 2007 წელს მალევე მოჰყვა გლობალური ფინანსური კრიზისი და შემდეგ კონფლიქტი რუსეთთან. შემდეგ იყო აღდგენის პერიოდი. სწორედ ამ დროს განვახორციელეთ ჩვენი პირველი ინვესტიცია – სასწრაფო სესხი პოსტ–კონფლიქტური აღდგენისთვის. 2010 წლიდან უკვე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების დეკადაში შევედით. სწორედ აქ ვხედავთ შთამბეჭდავ რიცხვებს – მათი მთავარი მიზანი იყო ტრანსპორტის, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის გამართვა. დღეს ჩვენ უფრო ტრანსფორმაციული დაფინანსების ეტაპზე ვართ გადასულები – სადაც ვცდილობთ, ერთმანეთს შევუთავსოთ როგორც დაფინანსება, ისე რეფორმებიც. ეს ოდნავ განსხვავებული აქცენტია და ესეც განპირობებულია თავად განვითარების ტრაექტორიის ცვლილებით. ჩვენ დივერსიფიკაციას ვახდენთ ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. სულ ცოტა ხნის წინ დავამტკიცეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სტრატეგია...

- დიახ. ვიცი. და ოდნავ მოგვიანებით შევეხებით ამ თემასაც. თუმცა, სანამ მაქამდე მივალთ, ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდამდე ყოველთვის იყო დაფინანსების 5 ფართო მიმართულება – ტრანსპორტი, წყალი და სხვა ურბანული ინფრასტრუქტურა და სერვისი, საჯარო მმართველობა, ფინანსები და ენერგეტიკა – ამ მიმართულებებიდან, სად მიიღეთ ტრანსფორმაციული შედეგები და სად დარჩა გამოწვევები?

- სამართლიანი შეკითხვაა. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურის დაფინანსება სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა და ხელშესახები შედეგებიც მოიტანა, თანაც საკმაოდ მოკლე დროში. მაგალითად: აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალი – დღეს უკვე ვაკვირდებით შემცირებულ დროში გადაადგილების შესაძლებლობას, უფრო მაღალ უსაფრთხოებას გზაზე, უფრო მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას, უფრო მედეგ და გამძლე ინფრასტრუქტურას. ეს კონკრეტული, ხელშესახები, თვალსაჩინო შედეგებია, რასაც ადამიანებიც ხედავენ და საკმაოდ მოკლე დროშია ეს ყველაფერი მიღწეული. რაც შეეხება რეფორმებს – აქ ბევრად მეტი დროა საჭირო – ამ შედეგებს მყისიერად ვერ დააკვირდები იმიტომ, რომ ხშირად რამდენიმე ეტაპადაც კი მიმდინარეობს და რამდენიმე წელი სჭირდება. ამ ნაწილში რეფორმების მართვის უნარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ძალიან გაიუმჯობესა ექსპერტიზა შესყიდვებში და ზოგადად – პროექტების განხორციელების კუთხით, საქართველო ჩვენს პორტფელში ერთ–ერთი ყველაზე უნარიანი კლიენტია.

- რა ისწავლეთ ამ წლების განმავლობაში?

- როცა აქტივს ააშენებ, უნდა შეინარჩუნო კიდეც. ამ ნაწილში აქტივების და ხარჯების მართვა სამომავლოდ მნიშვნელოვანი აქცენტი იქნება. რეფორმების ნაწილში მთავარი უნდა იყოს იმ უნარების განვითარება, რაც რეფორმების განხორციელებისთვის არის საჭირო. ვფიქრობთ, ეს იქნება ის საკვანძო მომენტები, რასაც უნდა დავაკვირდეთ.

- კიდევ ერთ ხელშესახებ შედეგზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება – ის, რაც ფინანსთა მინისტრმა ახსენა, რომ საქართველო შესაძლოა მოკლე პერიოდში ADB–ის დონორი ქვეყანა გახდეს. თქვენთვის ეს რა ტიპის შედეგია და საკუთარ წვლილს როგორ ხედავთ?

- პირადად ძალიან ველოდები ამ მომენტს, რადგან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ევოლუციას. დღეს საქართველოს შეუძლია, რომ თავად დაუჭიროს მხარი უფრო ღარიბ ქვეყნებს – არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ, დისკუსიების ნაწილშიც , საკუთარი მაგალითები უფრო მოწყვლად ქვეყნებს გაუზიაროს. ფული იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც საერთო მაგიდასთან დაჯდომის უფლებას გაძლევს – უფლებას, ჩაერთო ამ ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებში.

- დიახ. ჩვენც გვაინტერესებს დეტალები ამ მიმართულებით. ახლა გადავიდეთ 2024–2028 წლების სტრატეგიულ დოკუმენტზე საქართველოსთვის – 4 გარდამავალი პრიორიტეტია: კლიმატი და ბუნებრივი შემთხვევების რისკის მენეჯმენტი; რეგიონალური თანამშრომლობა და ინტეგრაცია; კერძო სექტორის განვითარება და ციფრული ტრანსფორმაცია და გენდერული თანასწორობა – რა არის ამ მიმართულებების მხარდაჭერის ლოგიკა?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მიზნები კავშირშია საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან 2030. ჩვენ ამ სტრატეგიის რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს. ქვეყანასთან პარტნიორობის დოკუმენტი არ არის მხოლოდ ADB–ისთვის. ის უფრო დოკუმენტია, რომელიც ადგენს, თუ როგორ აპირებს ADB და საქართველო ერთად მუშაობას და რა იქნება მათი ძალისხმევის პრიორიტეტები. ახალი დოკუმენტის მიმართულებები ორწლიანი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდა – მთავრობასთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, განვითარების სხვა პარტნიორებთან. ეს ძალიან ინტენსიური პროცესი იყო და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რომ იმ სფეროებს ვუჭერთ მხარს, რაშიც კონკურენტული უპირატესობა გვაქვს იმისთვის, რომ ძალისხმევის დუბლირება თავიდან ავირიდოთ. ამ ახალი დოკუმენტის ყველაზე მთავარი აქცენტი მწვანე და ინკლუზიური რეგიონალური კარიბჭის მშენებლობაა.

- ჰო, პრინციპში, სათაური ამომწურავია ...

- ასეა. ის ხელს უწყობს უფრო მედეგი საზოგადოების მშენებლობას. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო მხოლოდ გამტარი იყოს. ჩვენ გვინდა, რომ მან ადგილზე დაიტოვოს ის ღირებულება, რაც შეიძლება შეიქმნას ვაჭრობიდან, მოგზაურობიდან – გვინდა მიწვდეს მუნიციპალურ დონეს, სოფლებს, მიწვდეს ადამიანებს. გვინდა, უფრო ინკლუზიური ეკონომიკის ამბავი შეიქმნას და არა – ლიმიტირებული ზრდის.

- ამ დიდ სურათს რომ უყურებთ – როგორი ფაქტორი გამოდის შუა კორიდორი? მეც და თქვენც კარგად გვესმის, რომ მსხვილი, კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტების გარეშე ამ პოტენციალის ათვისება უბრალოდ შეუძლებელი იქნება და ამ დროს, ეს აქცენტი მწვანე განვითარებაზე, კონფლიქტში ხომ არ მოდის ამ განვითარებასთან?

- არანაირად. ვფიქრობ, პირიქით, საკმაოდ თანხვედრილია ამ მიზანთან. განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებთ – ასე არ არის? თუ ისე განვითარდები, რომ არ დაარღვიო მწვანე და ინკლუზიური სტრუქტურა – მაშინ ეს ძალიან დადებითი ამბავი იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. საქართველო ევრაზიის გზა–გასაყარზეა – საკვანძო გეოგრაფიით, რაც გამოსაყენებელია იმისთვის, რომ იმაზე მეტი მივიღოთ, ვიდრე ამ ერთ ფაქტორს შეუძლია. რეგიონის იმ ქვეყნების დახმარებაცაა, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ – ეს შუა დერეფნის კონტექსტში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლია. ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალი, ჩრდილოეთ–დასავლეთის დერეფანი, ველოდებით, რომ მალე გაიხსნება ქვეშეთი–კობის გვირაბი – მაგრამ ამასთან, ეს არის ლოგისტიკა, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურები – არა მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურა, არამედ, ჰარმონიზებული წესები და პროცედურები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხალხის და პროდუქტების მოძრაობას. ამდენად ეს საკმაოდ ჰოლისტური მიდგომაა, რაც საკმაო რაოდენობის ინიციატივებსაც გულისხმობს – რკინიგზა, პორტები, გზები – ძალიან კომპლექსური მიდგომაა.

- რკინიგზის შემთხვევაში, მეტ–ნაკლები გარკვეულობა გვაქვს – თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივი საწარმოს შექმნას – რა მიდგომა უნდა იყოს პორტების მიმართ – როგორ პოლიტიკას ემხრობით, არსებულების გაფართოებას, თუ ახლის – ანაკლიის პორტის – აშენებას?

- ეს მთავრობის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და ის უნდა დაეყრდნოს ტექნიკურ–ეკონომიკურ კვლევებს. ADB–ის პოზიცია ამ ნაწილში ისაა, რომ ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას ნებისმიერი არჩევანის გათვალისწინებით – იქნება ეს დამაკავშირებელი გზების თუ რკინიგზის მშენებლობა.

- სამართლიანი პასუხია. საინტერესო მომენტი: 2024–2028 წლების სტრატეგიაში ADB მყისიერ რისკად საქართველოსთვის ისევ რუსეთ–უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხებს მიიჩნევს – რთული გეოპოლიტიკური ვითარება, ლარის კურსის შესაძლო გაუფასურება – მათ შორის, შემცირებული ფულადი გადმორიცხვების ფონზე; ვაჭრობის შეფერხება – ამ კონტექსტში ADB ხაზს უსვამს, რომ კონსულტაციები ექნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ ამ რისკების გავლენა საქართველოზე შემცირდეს – გაქვთ რაიმე დისკომფორტი იმ პირობებში, როცა IMF–ს ე.წ. Stand-By პროგრამა დღეს საქართველოსთვის შეჩერებულია?

- ჩვენ, განვითარების სხვა პარტნიორების მსგავსად, ვმუშაობთ IMF–თან. პროგრამის შეჩერებას ჩვენ მიმდინარე საქმიანობაზე პირდაპირი გავლენა არ აქვს. ამ შემთხვევაში ფოკუსი ჯანსაღ ფისკალურ მმართველობაზეა, რასაც საქართველოში პრობლემა არ აქვს. ამდენად ჩვენ ამ ფოკუსს ვინარჩუნებთ.

- ცოტა რამ თქვენს შესახებაც რომ გვითხრათ. 2023 წლის სექტემბერში დაიკავეთ საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორის პოსტი – როგორ მუშაობთ საქართველოში, თუ გქონდათ კონკრეტული მოლოდინები ამ ქვეყანასთან მიმართებით და რა უფრო დიდი წილითაა დღეს აქ თქვენს საქმიანობაში წარმოდგენილი – ინტერესი თუ გამოწვევები?

- რამდენიმე ქვეყანაში მიმუშავია. რაც ამ გამოცდილებამ მასწავლა ის არის, რომ მოლოდინები არ უნდა მქონდეს. ამას აზრი არ აქვს. არასდროს დაგხვდება ადგილზე ის, რაც გგონია, რომ უნდა დაგხვდეს. ამიტომ საქართველოში შთაბეჭდილებებისთვის ღია ჩამოვედი. რა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ სასიამოვნო იქნებოდა აქ მუშაობა. უნდა ვაღიარო, რომ საქართველომ როგორც პიროვნულ, ისე პროფესიონალურ დონეზე – ყველა იმედი გაამართლა და გადააჭარბა კიდეც. პროფესიონალური თვალსაზრისით, აქ მუშაობა დიდი კმაყოფილების მომტანია. საქართველოში ADB–ის პარტნიორების კალიბრი გამორჩეულია. სასიამოვნოა, როგორც მთავრობასთან ისე კერძო სექტორთან მუშაობა. ყველას მტკიცე ხედვა აქვს და მზად არის იმუშაოს მიზნების მისაღწევად. პირადი გადმოსახედიდან, ადამიანები თბილები არიან, გულუხვები, კარგად მიღება იციან – და მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ 6 თვეა, რაც ვარ, საქართველოს უკვე ჩემს სახლს ვუწოდებ.

- რა კარგია ამის მოსმენა. რა იქნება თქვენი პირადი მიზანი – როგორ გინდათ განავითაროთ ADB–საქართველოს შემდგომი ურთიერთობები და რა კვალი გინდათ დატოვოთ?

- აქ ყოფნის მთელ ამ პერიოდში, სწორედ ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს. მას შემდეგ – რაც პირველად დავდგი ფეხი საქართველოში. ჩემი პასუხიც ვითარდება, უფრო იხვეწება იმასთან ერთად, რასაც ადგილზე აქ – საქართველოში და საქართველოს შესახებ ვსწავლობ. ალბათ ჯერ კიდევ მჭირდება დრო, რომ კონკრეტულ გეგმაზე ჩამოვყალიბდე. თუმცა, ის მინდა ვთქვა, რომ მთავარი და ყოვლისმომცველი მიზანი იქნება, რომ საქართველომ ყოველთვის აარჩიოს თავის პარტნიორად ADB – ჩვენ ვართ მოქნილები, ვპასუხობთ საჭიროებებს და ვართ აქ იმისთვის, რომ მთავრობას და კერძო სექტორს დავუჭიროთ მხარი. საქართველო ძალიან იღბლიანია, რადგან მას ჰყავს განვითარების პარტნიორების დიდი სპექტრი. მიმაჩნია, რომ ეს ძალისხმევა განვითარების თემად უნდა შეიკრას და რასაც მე ვაკვირდები, ეს ასეც ხდება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი – კონკრეტულ ქვე–მიზნებს კი, თუ როგორ შემიძლია ამას მივაღწიო, ოდნავ მოგვიანებით გავარკვევ.

- მაშინ – შემდეგი ინტერვიუს თემასაც მოვინიშნავ. და ჩემი ბოლო შეკითხვა: სად ხედავს ADB საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობას? გვესმის, რომ რუსეთ–უკრაინის საშინელმა მოვლენებმა საქართველოს ეკონომიკისთვის ე.წ. ბუსტერის როლი შეასრულა – ორი წელი ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც გვქონდა, თუმცა ამ ტრენდის შენარჩუნება, ბუნებრივია, ვერ ხერხდება – რა მიმართულებებს უნდა დააკვირდეს საქართველო, რომ ეკონომიკური ზრდის მომენტუმი არ დაკარგოს?

- პრინციპში, ის გზა უნდა გააგრძელოთ, რასაც აკეთებთ. რესურსების მოძიება იმისთვის, რომ შუა დერეფანი მართლაც განვითარდეს – რომ ინვესტიციების და ვაჭრობის დადებითი შედეგები ვიგრძნოთ. საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იყოს მაქსიმალურად მოქნილი - მაგალითად, გზის რამდენიმე მონაკვეთი პანდემიის დროს დავასრულეთ, რაც ამ პერიოდში არსებული შეზღუდვების ფონზე, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყო. ეს ჩემთვის უდიდესი ინფორმაციის მატარებელია იმაზე, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას თავი გაართვას ნებისმიერ გამოწვევას, რაც მის წინაშე შეიძლება დადგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები