მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წიგნების თარო" პროექტ "თაროს თაობას" აჩერებს

წიგნების თარო

კომპანია "წიგნების თარო", რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ლიტერატურული სატელევიზიო თამაში "წიგნების თაროს"-ს ავტორია, ახალ მულტიმედია პროექტ "თაროს თაობას" აჩერებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი პროექტი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, პროგრამა კი დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას ექვემდებარება, რომლის ფარგლებშიც საგარეო პროგრამების აქტივობა უნდა გადაიხედოს.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, სამწუხაროდ იძულებული ვართ, დროებით შევაჩეროთ პროექტი "თაროს თაობა" და მისი შემადგენელი პროგრამები. მოგეხსენებათ, აშშ-ის პრეზიდენტის ახალი აღმასრულებელი ბრძანებიდან გამომდინარე ყველა საგარეო პროგრამის აქტივობა 90-დღიან გადახედვას დაექვემდებარა. ეს გავრცელდა "თაროს თაობაზეც", ვინაიდან ჩვენი პროექტიც ნაწილობრივ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. "თაროს თაობა" მიზნად ისახავს აქტუალური სამოქალაქო თემებისა და საქართველოს ისტორიის შესახებ ახალგაზრდების მეტად ინფორმირებას. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ კამპანია გაგრძელდება", - ნათქვამია "წიგნების თაროს" განცხადებაში.

"თაროს თაობა" მულტიმედია პროექტია, რომელიც "წიგნების თარომ" რამდენიმე კვირის წინ წამოიწყო და 20 იანვრიდან აამოქმედა:

"პროექტი 6 მიმართულებას აერთიანებს:

  • მაძიებელი: დეტექტიური "იუთუბ" თამაში საქართველოს ისტორიაზე;
  • თაობის ხმა: ახალგაზრდული პოდკასტი მნიშვნელოვან სოციალურ თემებზე;
  • ფოტოამბავი: სერია, რომელშიც ფოტოების საშუალებით მოგიყვებით მივიწყებულ ფაქტებსა და ადამიანებზე;
  • ეს საქართველოა: მოკლე ვიდეოების სერია, რომელშიც თაროელები სხვადასხვა სფეროს მნიშნელოვან ქართველ ადამიანებს გაგაცნობენ;
  • რჩევები: პოსტერების სერია, რომელიც მოკლე და ზუსტ რჩევებს მოგცემთ სხვადასხვა მწვავე საკითხთან დაკავშირებით;
  • ბლოგი: ანონიმური ტექსტები, რომელთა ავტორებიც საკუთარ პრობლემურ გამოცდილებას გაგვიზიარებენ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები