მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წიგნებზე მოთხოვნა გაორმაგდა, ფასები 10-15%-ით გაიზარდა" - მაღაზია "შაქრო ბაბუა"

ირაკლი ჟვანია

მიმდინარე წლის ექვსი თვის შედეგებს დადებითად აფასებენ წიგნების მაღაზია "შაქრო ბაბუა"-ში. როგორც მისი დირექტორი, ირაკლი ჟვანია BMGtv-სთან განმარტავს, გამოწვევებით სავსე 2023 წლის შემდეგ ბიზნესმა აღდგენის დინამიკა აჩვენა, როგორც მკითხველთა რაოდენობის, ასევე გაყიდვების ზრდის თვალსაზრისით, რაც საშუალოდ 15-20%-ს შეადგენს.

ირაკლი ჟვანიას თქმით, ბიზნესი სამომავლო პერსპექტივაში დადებითი დინამიკის არა მხოლოდ შენარჩუნებას, არამედ კიდევ უფრო ზრდას მოიაზრებს.

"2024 წლის პირველი და მეორე კვარტალი საკმაოდ აქტიური იყო ჩვენი მაღაზიათა ქსელისთვის. ეს განპირობებულია იმით, რომ მკითხველების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა წიგნებზე მოთხოვნაც, შესაძლოა ითქვას გაორმაგდა კიდეც. წლის პირველ კვარტალში საკმაოდ აქტიური მუშაობა იყო, თუმცა ზაფხულის სეზონის დადგომა და მომხმარებელთა ქალაქიდან გასვლა ჩვენს გაყიდვებსაც დაეტყო. შემდეგი სეზონი, ვფიქრობ, უფრო აქტიური იქნება. ველოდებით მკითხველების გააქტიურებას და ამავე დროს, არც ჩვენ ვწყვეტთ მათთვის სიახლეების შეთავაზებას" - ამბობს "შაქრო ბაბუას" დირექტორი, ირაკლი ჟვანია.

"შაქრო ბაბუას" დირექტორის განმარტებით, მკითხველთა რაოდენობის ზრდას გარკვეული თვალსაზრისით მათი სააქციო შეთავაზებებიც უზრუნველყოფს.

"ყოველთვის ვცდილობთ, რომ სააქციო ფასები აქტიური იყოს ჩვენი მაღაზიებისთვის, რათა მკითხველმა შეძლოს წიგნის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა. ეს კი თავის მხრივ მომხმარებელთა და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდას განაპირობებს, რაც საბოლოოდ ჩვენს განვითარებას უზრუნველყოფს", - აღნიშნავს ირაკლი ჟვანია.

ირაკლი ჟვანიას თქმით ზრდის დადებითმა დინამიკამ ბიზნესს ქსელის ექსპანსიისკენ უბიძგა. მიმდინარე წელს თბილისში "შაქრო ბაბუას" კიდევ ერთი ფილიალი ვახუშტი ბაგრატიონის 75 ნომერში გაიხსნა. წიგნის მაღაზიის დირექტორი აღნიშნავს იმასაც, რომ წელს კიდევ უფრო გაააქტიურეს გამომცემლობებთან თანამშრომლობა და შესაბამისად წიგნების ასორტიმენტიც მეტად გაამრავალფეროვნეს.

წიგნების მაღაზია "შაქრო ბაბუას" დირექტორმა, ირაკლი ჟვანიამ BMGtv-სთან საფასო პოლიტიკის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წიგნები წელს საშუალოდ 10-15%-ით გაძვირდა. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს ფასების შენარჩუნებას.

"ბაზარი მერყევია და შესაბამისად ფასები იზრდება, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ, რომ მინიმალური ზღვარი დავიჭიროთ და ფასები არ გავზარდოთ. მკითხველის რაოდენობა პირდაპირ კავშირშია წიგნების ფასთან. ხელმისაწვდომი უნდა იყოს წიგნები, რომ მკითხველთა რაოდენობა გაიზარდოს. შესაბამისად, წიგნის ფასებში რადიკალური ცვლილება არ ყოფილა", - განმარტავს "შაქრო ბაბუას" დირექტორი, ირაკლი ჟვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები