მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონი

წინანდლის ფესტივალი გიორგი რამიშვილი
BM. GE
01.09.23 11:00
87

წინანდლის ფესტივალის მე-5 საიუბილეო სეზონი გაიხსნა. პირველი კონცერტის დაწყებამდე ფესტივალის დამფუძნებლების და ორგანიზატორების პრესკონფერენცია გაიმართა.

„ხუთი წლის წინ, მისი უწმინდესობის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავაარსეთ წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენად იქცა. ამ ხუთი წლის განმავლობაში წინანდალში კონცერტები გამართეს მსოფლიო კლასიკური მუსიკის კორიფეებმა. ფესტივალის მნიშვნელობა იმთავითვე გაიზიარა საქართველოს კულტურის სამინისტრომ, რომლის მხარდაჭერისთვის ძალიან მადლობელი ვართ. ფესტივალის მხარდამჭერებს შორის არიან ასევე საქართველოში ნორვეგიის და შვეიცარიის დიპლომატიური მისიები, წელს მათ იტალიის საელჩოც შემოუერთდა. ყველასთვის ნათელია, რომ წინანდლის ფესტივალის ფარგლებში დაარსებული ახალგაზრდული პანკავკასიური ორკესტრი მას არა მხოლოდ შესანიშნავ კულტურულ, არამედ საგანმანათლებლო და სამშვიდობო მოვლენადაც აქცევს. მადლობა კომპანია სილქნეტს და ჩვენ თანამოაზრეებს, პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც უკვე მეხუთედ შედგება წინანდლის ფესტივალი“- განაცხადა კომპანია სილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. 

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ფესტივალი ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, როგორც მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლებისთვის, ისე ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. წინანდლის ფესტივალის წიაღში პან კავკასიური ორკესტრის PCYO (Pan Caucasian Youth Orcestra) დაარსება კი ყოველწლიურად ახალგაზრდა მუსიკოსებს ცოდნის, გამოცდილებისა და რეალიზების საშუალებას უქმნის. ფესტივალში 7 კავკასიური და მეზობელი ქვეყნის ახალგაზრდების მონაწილეობა, ერთგვარ სამშვიდობო გზავნილად იქცა ჩვენი რეგიონისთვის. ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება საქართველოს კულტურის სამინისტროს და ასევე, საქართველოში ნორვეგიის, შვეიცარიის  და იტალიის დიპლომატიური მისიების  მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

„მოხარული ვართ წინანდლის ფესტივალთან პარტნიორობით. ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ  პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, რაც მგონია, რომ განსაკუთრებულად გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტია. ადგილობრივი რეგიონებიდან და მეზობელი ქვეყნების მუსიკოსების გაერთიანება  - ეს ძალიან ძვირფასი და ნამდვილად, მშვიდობის პროექტია. მოუთმელნლად ველოდები დღევანდელ კონცერტს, სადაც სცენაზე ორკესტრის სრულ შემადგენლობას ვიხილავთ“ - განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა.  

მე-5 საიუბილეო ფესტივალი 10 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. წინანდლის მამულის 25 ჯადოსნური კონცერტი გაიმართება. პირველი საკონცერტო დღე ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გაიხსნა.  პიანისტმა იეფიმ ბრონფმანმა და პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რობერტ შუმანის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოები შეასრულეს.  ფესტივალმა მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკვე დაიმკვიდრა და ქვეყნის კულტურულ განვითარებაში უდიდესი  წვლილი შეაქვს. მსოფლიო მუსიკალურ წრეებში  მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ცნობადობა.  მუსიკის გულშემატკივრებს ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ,  მსოფლიო დონის ვირტუოზ შემსრულებელს აცნობს. პროექტის დამაარსებელი და ტრადიციული წარმდგენი, კომპანია სილქნეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები