წინასაარჩევნო პერიოდში - სექტემბერ-ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს სავალუტო ბაზარზე რეკორდულად დიდი 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ფორვარდული გარიგებები დაიდო. თუმცა, ეროვნული ბანკის განმარტებით ეს გარიგებები ხშირად ერთი და იგივე გარიგების დუბლირებით იყო განპირობებული, მაგალითად კონკრეტული ოპერაცია ვადის გახანგრძლივებისას სტატისტიკაში იმდენჯერ აღირციხება, რამდენჯერაც გახანგრძლივება მოხდა, თუმცა სინამდვილეში გარიგების საწყისი თანხა უცვლელია. მაგალითად $10 მილიონის ფორვარდ გარიგების დაფარვის ვადის 6-ჯერ გახანგრძლივების შემთხვევაში სტატისტიკაში $60 მილიონი აღირიცხება ნაცვლად 10-ისა, რაც ამ მხრივ სტატისტიკაში ნაკადების მოცულობის ზრდას იწვევს.
სავალუტო ფორვარდული გარიგება არის შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის კონვერტაციის შესრულებაზე მომავალში, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, წინასწარ შეთანხმებულ თარიღზე. ფორვარდული გარიგების შესრულება კონკრეტული თარიღისთვის სავალდებულოა. ამასთან, კლიენტები ამ მომსახურებისთვის ბანკებს სპეციალურ მარჟას უხდიან, რაც წლიური 10%-ის ფარგლებშია.
ფორვარდული გარიგებები წარმოადგენს სავალუტო კურსის დაზღვევას, ანუ კურსის გაუფასურების შემთხვევაში ფორვარდული გარიგების დამდები პირი არის მოგებული, რადგანაც თავს იცავს გაუფასურებისგან გამოწვეული კურსთაშორისი სხვაობისგან. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ კურსი გამყარდება ფორვარდული გარიგების დამდები პირი ზარალს იღებს, რადგანაც ფორვარდის გარეშე მას უფრო დაბალ ფასად შეეძლო უცხოური ვალუტის შესყიდვა.
წინასაარჩევნო პერიოდში ფორვარდული გარიგებები სავარაუდოდ დაიდო მსხვილი ბიზნესების მიერ გაუფასურების მოლოდინების რისკების დასაზღვევად. სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში ფორვარდული გარიგებების მოცულობა იყო 743 მილიონი დოლარი, ხოლო ოქტომბერში კი 576 მილიონი დოლარი.
შედარებისთვის, 2024 წლის სხვა თვეებში ფორვარდული გარიგებების ყოველთვიური მოცულობა გაცილებით მცირე იყო და $216 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს კი ფორვარდული გარიგებების საშუალო ყოველთვიური მოცულობა 59 მილიონი დოლარი იყო, ხოლო მთლიანად 2023 წელს 712 მილიონი დოლარის ფორვარდული გარიგებები დაიდო. შესაბამისად, 2024 წლის მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში ფორვარდული გარიგებების მოცულობა იყო ორჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად 2023 წლის განმავლობაში დადებული ფორვარდული ოპერაციების ჯამი.
თუმცა, სებ-ის განმარტებით, აღნიშნული გარიგებების უდიდესი ნაწილი დოლარი-ლარის წყვილზე არ მოდიოდა, ხოლო გარიგების მეორე მხარე უმეტეს შემთხვევაში უცხოური ბანკები იყვნენ და თანხებს ქართულ სავალუტო ბაზარზე გავლენა არ მოუხდენია. კერძოდ, სექტემბერში არარეზიდენტ ბანკებთან გარიგებების ჯამი შეადგენდა 729.7 მილიონ დოლარს, ხოლო ოქტომბერში მისი მოცულობა 565 მილიონი დოლარი იყო.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს სავალუტო ბაზარი 6.26 მილიარდი დოლარის ტოლი იყო, შესაბამისად მასში ფორვარდული გარიგებების (576 მილიონი დოლარი) წილი 9%-ს შეადგენდა.