„თიბისი კაპიტალში“ აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირებული დეპოზიტების უკან ლარში გადმოტანის ტენდენცია გრძელდება.
საქმე ისაა, რომ ორგანიზაციის მაკროეკონომიკურ განახლებაში ლარის სასარგებლოდ მოქმედ ერთ-ერთ ფაქტორად დასახელებულია შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება.
როგორც „თიბისის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ BMG-ის განუცხადა, მათი შეფასებით, ამ თანხების მოცულობა ერთ მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ოთარ ნადარაიას განმარტებით, დეპოზიტების 20-25% უკან ლარში დაკონვერტირდა, რაც დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორია.
„ამ ეტაპზე რეკორდულად მაღალია ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბე. ეს რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, პირველ რიგში, ესაა წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესება. ასევე აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნოდ ძალიან დიდი თანხები გადახურდავდა ლარიდან დოლარში, ჩვენ ამ [კონვერტაციის] მოცულობა მილიარდ დოლარზე მეტად შევაფასეთ. მთლიან უკუკონვერტაციას ჩვენ ვერ ვხედავთ, თუმცა გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 20-25% უკან ლარში გადმოვიდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე [ლარის მიმართ] ნდობა მაინც არაა მაღალი.
მიმდინარე პერიოდში ველოდებით, რომ ან იგივე ნიშნულზე დარჩება ლარი დოლართან მიმართებაში ან უფრო მეტად გამყარდება, რადგან ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, რეკორდულად მაღალია ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბე“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.




























