"წინასწარი ჯავშნების კულტურა გაიზარდა", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” ტურისტული კოპმანიის “თრიფზი”, “ჰოთ თრეველ გრუპი” დამფუძნებელმა, თამარ ჩხიკვაძემ გამყვანი ტურიზმის ტენდენციების შეფასებისას ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ამ დროისათვის ძირითადი მოთხოვნა საზღვაო კურორტული მიმართულებებია. ის დასძენს, რომ ფასები საზღვარგარეთ დასვენებაზე ყოველწლიურად გარკვეული პროცენტული მაჩვენებლებით იზრდება, რომელიც არა მოთხოვნას, არამედ გლობალურად გაზრდილი ხარჯებითაა განპირობებული. შესაბამისად, იზრდება ფასებიც.
“ამ დროისათვის მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნაა ანტალიის მიმართულება, საბერძნეთის და ესპანეთის მიმართულებით. ანუ, ძირითადად საზღვაო კურორტებზეა მოთხოვნა. ჩემი გამოცდილებით, ვინც წინა წლებში წინასწარ არ დაგეგმა, მათ წელს წინასწარ დაიწყეს დაჯავშნა, რადგან გასულ წელს იგრძნეს მკვეთრად შეცვლილი ფასები, როგორც სასტუმროებზე ასევე რეისებზე. ამასთან, შემცირებული არჩევანი. ამიტომ, მათ ვინც შარშან იწვნიეს გაზრდილი ფასი, წელს მოემზადნენ და წინასწარ დაჯავშნეს. ჩვენც ჩვენს მომხმარებლებს აქტიურად ვთხოვდით, რომ წინასწარ დაეჯავშნათ და შედარებით მეტი იყო წინასწარი ჯავშნები, ანუ წინასწარი ჯავშნების კულტურა გაიზარდა. თუმცა ბევრი ფრთხილობს.
წელს ფასები გაზრდილია. მაგალითად, ტაილანდი შარშან შედარებით კარგი ფასი იყო, წელს ფასი გაიზარდა. შეცვლილია ასევე ეგვიპტის მიმართულების ღირებულება. მარტიდან შეიცვალა ფასები ანტალიის მიმართულებით და დასრულდა კიდეც წინასწარი ჯავშნები. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპის მიმართულებით, საკმაოდ ბიუჯეტური ავიაკომპანიებიც ავია ბილეთებს, ახლა უკვე მაღალ ფასებში გთავაზობენ. ასევე, სასტუმროების ფასებიც შეცვლილია. წლიდან წლამდე სულ გვეცვლება ფასები. ყოველ წელს, სტაბილურად რაღაც პროცენტული მაჩვენებლით გვეცვლება ფასები”, - ამბობს ჩხიკვაძე.
რაც შეეხება ზამთრის სეზონს, ტურისტული კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, ზამთრის 2 თვის განმავლობაში ჯავშნები 70%-ით შეუმცირდათ.