"საქართველოს განვითარების ფონდი", რომლის ლიკვიდაციის შესახებაც პარლამენტში საკანონმდებლო მოსმენა მიმდინარეობს 2025 წლის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ფონდი აღნიშნავს, რომ გასულ წელს წინასწარი შეფასებით მათმა მოგებამ 27 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება წინა წლების მაჩვენებლებს, 2024 წელს ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშით, რაც შვილობილი კომპანიების გარეშე "საქართველოს განვითარების ფონდის" მაჩვენებლებს მოიცავს, ფონდმა 35.8 მილიონი ლარის მოგება მიიღო, თუმცა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშით, რაც ფონდის შვილობილ კომპანიებს და წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს მოიცავს, ფონდმა 10.4 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, რაც ძირითადად თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების საწარმოს, ციკლონის ზარალს უკავშირდებოდა.
"2025 წლის წინასწარი მონაცემებით, ფონდმა წელი 27 მლნ ლარის მოგებით დაასრულა და ყველა ფინანსური ინდიკატორი დადებითია. ფონდმა გაზარდა როგორც ლიკვიდურობა, აგრეთვე – აქტივები და კაპიტალი. 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გასაჯაროვდება.
ფონდის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტები განხორციელდა ენერგეტიკის, მაღალტექნოლოგიური წარმოებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ასევე ბრენდული სასტუმროების მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგების ხელშეწყობის მიმართულებით. მასშტაბურ პროექტებს შორისაა:
- "გარდაბნის თბოელექტროსადგური“ – საინვესტიციო მოცულობა 233 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 49%-ის კაპიტალით მონაწილეობდა;
- ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – საინვესტიციო მოცულობა 188 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 8.2 მლნ დოლარის კრედიტით მონაწილეობს;
- თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა „ATC“ – საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 66.6%-ის კაპიტალით მონაწილეობს;
- რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა, შპს „ნოვატეკ ინტერნეიშენალი“ – საინვესტიციო მოცულობა 11.3 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 1.8 მლნ ევროს სესხით მონაწილეობს;
- „პანექსი“ (Panex), სენდვიჩ პანელების საწარმო - საინვესტიციო მოცულობა 6.2 მლნ აშშ დოლარი, ფონდი 48%-ის წილით მონაწილეობდა.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, ტურიზმის მიმართულებით ფონდმა შემდეგი პროექტების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა: „ბორჯომი-ლიკანი“, „Radisson Collection Tsinandali“, „ლოპოტა სპა რეზორტი“ (გაფართოება), „Gino Wellness Rabati“, „როიალ ბატონი“ (რამდენიმე წელია დახურულია), კურორტი „საირმე“, „Best Western Kutaisi“ და „ჰილტონ აბასთუმანი“ – პროექტების საერთო საინვესტიციო მოცულობა 160 მლნ აშშ დოლარამდეა.
"საქართველოს განვითარების ფონდს", ანუ ყოფილ "საპარტნიორო ფონდს" წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში ახალი კრედიტების გაცემა შეზღუდული ჰქონდა, რადგანაც IMF-ის შეფასებით "საპარტნიორო ფონდის" ოპერაციები ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან ფისკალურ რისკს შეიცავდა. თუმცა 2023 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ფონდის რეორგანიზაცია მოხდა და მისი შემადგენლობიდან მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების გამოსვლის პროცესი დასრულდა. ამის შემდეგ კი "საქართველოს განვითარების ფონდმა" ახალი სესხების გაცემა განაახლა.




























