ფიზიკური პირებისთვის 2 მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური კრედიტების რეფინანსირებისას და მათი ერთი ბანკიდან მეორეში გადატანის დროს, ბანკის მიერ დაწესებული წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა დღეს არსებული 2%-დან 0.5%-მდე შემცირდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, წინსწრების საკომისიოს შემცირება მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ეროვნულ ბანკში, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელ ორგანოში, მომხმარებელთა უფლებების უკეთ და მეტად დაცვის მიზნით, მუდმივად ვზრუნავთ და ვაუმჯობესებთ კანონმდებლობას. სწორედ ამას ემსახურება სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს ზედა ჭერის შემცირება, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონკურენციისთვის და მომხმარებელს ერთი ბანკიდან მეორეში სესხის გადატანას გაუმარტივებს, რაც ნაკლებ თანხებთან იქნება დაკავშირებული.
ამ ცვლილებით პრაქტიკულად ოთხჯერ შევამცირეთ წინსწრების საკომისიოს მოცულობა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საბანკო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ", - განაცხადა თურნავამ.