მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წარვადგინეთ სტაბილქოინების რეგულირების მოდელი, რაც რეგიონში პირველია" - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ციურიხში გამართულ კონფერენცია Point Zero Forum 2026-ზე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში პირველია, რომელმაც სტაბილქოინების რეგულირების ახალი მოდელი წარადგინა.

როგორც ეროვნული ბანკი ავრცელებს ინფორმაციას, თურნავამ აღნიშნულ საკითხზე შვეიცარიაში, ციურიხში გამართულ საერთაშორისო კონფერენცია Point Zero Forum 2026-ზე ისაუბრა. სებ-ის პრეზიდენტი ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის მომხსენებელი იყო, სადაც სტაბილქოინების, პროგრამირებადი ბანკინგის, ციფრული აქტივებისა და ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხები განიხილებოდა.

ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა ინოვაციური ფინანსური სერვისების განვითარებისთვის ახალი სალიცენზიო რეჟიმები და მარეგულირებელი ჩარჩოები შექმნა.

"ჩვენ წარვადგინეთ ახალი სალიცენზიო რეჟიმები და მარეგულირებელი ჩარჩო ინოვაციების მხარდასაჭერად. შედეგად, დღეს საქართველოში უკვე მოქმედებს სამი ციფრული ბანკი. ასევე შევქმენით ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) მარეგულირებელი ჩარჩო, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყანაში 40 ახალი რეგისტრირებული კომპანია, მათ შორის წამყვანი საერთაშორისო კომპანიები. სულ ცოტა ხნის წინ კი წარვადგინეთ სტაბილქოინების რეგულირების ახალი მოდელი, რომელიც შინაარსით რეგიონში პირველია და შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიზანია, ერთდროულად ხელი შეუწყოს ფინანსურ ინოვაციებს და შეინარჩუნოს ნდობა ეროვნული ვალუტისა და ფინანსური სისტემის მიმართ.

„როგორც ცენტრალური ბანკი, საკუთარ როლს ფინანსური ინოვაციების ხელშემწყობისა და მონეტარული ნდობის გარანტის რანგში ვხედავთ. ჩვენი მიზანია, ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელიც ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურებების უსაფრთხო განვითარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

სტაბილქოინების რეგულირების ჩარჩო ეროვნული ბანკის მიერ 2026 წლის მარტში დამტკიცდა და ადგენს, რომ ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივის გამომშვებმა მომხმარებლებისგან მიღებული თანხების 100%-იანი რეზერვი მუდმივად უნდა შეინარჩუნოს.

ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო კრიპტოკომპანია Tether-მა ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო განაცხადი წარადგინა ლარის პირველი სტაბილური ვირტუალური აქტივის - GELT-ის პროექტთან დაკავშირებით. 27 მაისს ეროვნულმა ბანკმა BMG-ის წერილობით აცნობა, რომ ქვეყანაში პირველი ლარის სტაბილქოინების პროექტზე განაცხადი უკვე განიხილება. საუბარია კომპანია Tether-ის GELT-ის პროექტზე. Tether-ის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, GELT იქნება ლართან მიბმული ციფრული აქტივი, რომლის გამოშვებაც მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად მოხდება. რეგულაციის თანახმად, თითოეული გამოშვებული სტაბილქოინის შესაბამისი ღირებულება სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი რეზერვებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები