მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„წითელ ხიდზე“ ლითონის კარებში დამალული 2.4 მილიონი ლარის სიგარეტი აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური

თამბაქო

„წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა 433 840 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულებაც 2 429 504 ლარს შეადგენს.

უწყებაში გამართული ბრიფინგის მიხედვით, კონტრაბანდული ტვირთი ბელარუსში რეგისტრირებულ სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს. საბუთების მიხედვით, ავტომანქანას ჩეხეთის რესპუბლიკაში 290 ცალი ლითონის კარი გადაჰქონდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რისკების ანალიზის საფუძველზე სატვირთო შეაჩერეს და დეტალური დათვალიერებისას გაირკვა, რომ სიგარეტი სწორედ ამ ლითონის კარებში იყო მალულად დამალული.

საქმეზე გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს, რომელსაც მასალები უკვე გადაეგზავნა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

ოპერატიული ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საბაჟო პროცედურების ფარგლებში დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.

სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო 290 ცალი ლითონის კარით და საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა. რისკის კრიტერიუმების შეფასებისა და ანალიზის შედეგად მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით. უფლებამოსილი პირის მიერ ერთ-ერთი კარის შიგთავსის გახსნის შედეგად აღმოჩენილ იქნა მალულად განთავსებული 1496 კოლოფი არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი.

მთლიანად ტვირთის დათვალიერებისას საერთო ჯამში გამოვლინდა 433 840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი, კერძოდ "მენთოლ ქუინი", ასევე "NZ" და "მინსკი". აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2 429 504 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. შემოსავლების სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვას და უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. მადლობა ყურადღებისთვის.", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ია ახალაიამ გამართულ ბრიფინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები