2023 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე გლობალური ვაჭრობა 1,3%-ით შემცირდა. მონაცემს IfW Kiel-ი (Kiel Institute for the World Economy) აქვეყნებს.
მიზეზი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმებია, რამაც საკვანძო რეგიონში გადაზიდული ტვირთის მოცულობის შემცირება გამოიწვია.
ეკონომიკის ინსტიტუტი წერს, რომ ამჟამად წითელი ზღვის გავლით ყოველდღიურად დაახლოებით 200,000 კონტეინერის ტრანსპორტირება ხდება, კრიზისის დაწყებამდე კი, ეს მაჩვენებელი დღეში დაახლოებით 500,000 იყო.
IfW Kiel-ის ვაჭრობის მაჩვენებლის დეკემბრის თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან ექსპორტი 2%-ით და იმპორტი 3.1%-ით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ წითელი ზღვის სავაჭრო გზა აშშ-სთვის არაგადამწყვეტი მნიშვნელობისაა, შეერთებულმა შტატებმა ექსპორტის 1,5%-იანი და იმპორტის 1%-იანი კლება დააფიქსირა.
შეგახსენებთ, 10 იანვარს კომპანია Maersk-მა შეზღუდვის გახანგრძლივების და განუსაზღვრელი ვადით გემების გადამისამართების გადაწყვეტილება მიიღო.