მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელი ზღვის კრიზისმა, შესაძლოა, ტანკერების დეფიციტი გამოიწვიოს - Saudi Aramco-ს დირექტორი

ამინ ნასერი

წითელ ზღვაში, “ჰუსიტთა მოძრაობის” გააქტიურებით შექმნილმა კრიზისმა, შესაძლოა, ტანკერების დეფიციტი გამოიწვიოს, რაც, თავის წილ, ლოგისტიკურ პროცესებს გააჭიანურებს, - ამის შესახებ მსოფლიოს უდიდესი ენერგეტიკული კომპანიის, Saudi Aramco-ს გენერალურმა დირექტორმა, ამინ ნასერმა დავოსის “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში განაცხადა.

“თუ კრიზისი მოკლევადიანი აღმოჩნდა, ტანკერების რაოდენობა საკმარისი იქნება, მაგრამ თუ კრიზისმა გრძელვადიანი სახე მიიღო, შესაძლოა, პრობლემა შეიქმნას. უფრო მეტი ტანკერი დაგვჭირდება, რომლებსაც უფრო დიდი გზის გავლა მოუწევთ”, - განაცხადა ამინ ნასერმა REUTERS-თან საუბრისას.

საუდის არაბეთს, როგორც იცით, “ჰუსიტთა მოძრაობასთან” გამკლავება თავადაც უწევდა - 2019 წელს, სამხედრო მოძრაობა აქტიურად ბომბავდა Saudi Aramco-ს ნავთობსაცავებს, რის გამოც, კომპანიამ დიდი ზარალი მიიღო და ალტერნატიული გზების გაყვანა დაიწყო. დღეს, ამ გზების გავლით, ნავთობის მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიას წითელ ზღვაში არსებული რისკებისგან თავის დაცვა შეუძლია.

“ჰუსიტთა მოძრაობა”, როგორც იცით, წითელ ზღვაში ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. მოძრაობის წევრები ღიად უჭერენ მხარს პალესტინას და “ჰამასს” და, როგორც თავად ამბობენ, ყველაფერს გააკეთებენ ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების დასაცავად. ბოლოდროინდელი შეტევების ფონზე სუეცის არხის შემოსავალმა 40%-ით იკლო. შემოსავლის კლება, უმეტესწილად, ტვირთბრუნვის 30%-იანი შემცირებითაა განპირობებული, რასაც, თავის წილ, ის იწვევს, რომ გადამზიდავი კომპანიები წითელ ზღვაში შესვლაზე უარს ამბობენ და სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები