წალკის რაიონის სოფელ სანთაში მდებარე ყველის საწარმო “ჩიზუკა” წელს ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს და წარმოებაში ახალ სახეობებს ამატებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ვიკა იობიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის ასორტიმენტს გასულ წელს უკვე შეემატა ახალი პროდუქტი ლავანდის ყველის სახით, ამასთან, არსებული ყველის სახეობები უფრო დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა. წელს კი, კომპანია ისეთ მიმართულებებზე მუშაობს, როგორიცაა ტრიუფელისა და ციტრუსის ყველი.
"გასულ წელს მნიშვნელოვნად გავზარდეთ სახეობები: დავამატეთ ლავანდის ყველი, ხოლო არსებული ასორტიმენტი უფრო გავამრავალფეროვნეთ და დავხვეწეთ. 2025 წლის განმავლობაში „ჩიზუკა“ რამდენიმე ახალ პროდუქტზე მუშაობს. გეგმაშია, მათ შორის, ტრიუფელის ყველის წარმოება და ციტრუსის ერთ-ერთი სახეობის, სავარაუდოდ ლაიმის დამატება”, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
იობიძის განმარტებით, „ჩიზუკას“ წელს ფასები არ დაუკორექტირებია, ხოლო ახალი სახეობები სხვა ქერქიანი ყველების მსგავსად 50–65 ლარის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება მოთხოვნას, კომპანიაში ამბობენ, რომ პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. მაგალითისთვის, გასულ წელს „ჩიზუკამ“ წარმადობა 30%-ით გაზარდა, ხოლო მიმდინარე წელს ზრდა კიდევ 50%-ით იგეგმება.
“წელს, გასულ წელთან შედარებით, წარმადობის 50%-იანი ზრდის მოლოდინი გვაქვს. მოთხოვნა ძალიან დიდია და ჩვენც ეტაპობრივად შევდივართ ბაზარზე”, - ამბობს იობიძე და დასძენს, რომ წარმადობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პირუტყვის რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
იობიძის თქმით, 2026 წელს კომპანია მეცხოველეობის მიმართულებით გაფართოებას გეგმავს და ფერმის განვითარებისათვის პირუტყვის შეძენა, შემოყვანა და ფერმის აშენებაც არის ჩაფიქრებული. "არსებული რესურსი რაც გვაქვს, ესეც საკმარისი იქნება, მაგრამ ვაპირებთ პირუტყვის შეძენას და შემოყვანას. ამასთან, ფერმის აშენებასაც, რომელიც შარშანაც გვქონდა გეგმაში, მაგრამ თურქულმა დაავადებამ, რომელიც ახალი შტამით შემოვიდა ქვეყანაში, ცოტა შეგვაფერხა და წელს იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ განხორციელებას”, - აღნიშნავს იობიძე.
“ჩიზუკა” ყველი ოჯახური ბიზნესის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 1996 წელს დაიწყო და ქართულ ბაზარზე “ჩიზუკას” სახელით 3 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და რძეს ადგილობრივი ფერმერებისგანაც იბარებს. პროდუქცია იყიდება ონლაინ და რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის “ფრესკოში”.




























