მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციტრუსის რთვლისთვის საკოორდინაციო შტაბი, სავარაუდოდ, 10 ნოემბრიდან გაიხსნება - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

ციტრუსი

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნა, სავარაუდოდ, 10 ნოემბრიდან იგეგმება. ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო BM.GE-სთან აცხადებს.

ციტრუსის მოსავლის აღების ვადებსა და რეალიზაციის პერსპექტივებზე საუბრისას, „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი ვაჟა მკურნალიძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წელს ნაყოფი კლიმატური პირობების გამო დაგვიანებით მწიფდება.

მისი შეფასებით, მანდარინის მასობრივი კრეფა დეკემბრის პირველ დეკადაში დაიწყება, რაც ფერმერებს მოსავლის რეალიზაციისთვის განკუთვნილ პერიოდს კიდევ უფრო შეუმცირებს. მკურნალიძის პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში წელს დაახლოებით 80 ათასი ტონა ციტრუსი მოვა, საიდანაც 20-25 ათასი ტონა ექსპორტზე ვერ გავა.

„ციტრუსი ჯერ იმ კონდიციაში არ არის, რომ მოსავლის აღება დავიწყოთ. ჩემი შეფასებით, 25 ნოემბრის შემდეგ მოსავლის აღება მცირე რაოდენობით დაიწყება, ძირითადი მოსავლის აღება კი დეკემბრის პირველ დეკადაში მოუწევთ. ეს კლიმატური პირობებით არის გამოწვეული. წელს ისეთი ამინდები იყო, რომ ნაყოფი დამწიფებას აგვიანებს“, - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.

მისი განმარტებით, მოსავლის აღების დაგვიანებამ შესაძლოა პროდუქციის ხარისხზეც იმოქმედოს. ამასთან, ციტრუსის მალფუჭებადი ბუნებისა და რეალიზაციისთვის შეზღუდული დროის გამო, ბაზარზე მიწოდების ზრდა ფასების მერყეობის რისკს ქმნის.

„ხარისხზე, თავისთავად, აისახება, როდესაც ფერმერს მოსავლის დაბინავება უჭირს. ეს შემდეგ რეალიზაციის დროსაც პრობლემებს ქმნის. უწევთ პროდუქციის გადარჩევა, მაგრამ რამდენჯერაც გადაარჩევ, იმდენჯერ უფრო მალფუჭებადი ხდება. ციტრუსი ფაფუკი პროდუქტია და, რა თქმა უნდა, ეს მის ხარისხზეც მოქმედებს.

ყველაზე პრობლემური ის არის, რომ ფერმერს რეალიზაციისთვის ძალიან მცირე პერიოდი რჩება. ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოსავლის აღება ნოემბრის დასაწყისში იწყება, აღებისა და რეალიზაციისთვის მაქსიმუმ თვე-ნახევარია დარჩენილი. ეს ბაზარზე ჭარბ მიწოდებას იწვევს, რის გამოც ფასი არასტაბილურია. სეზონის დასაწყისში მეტ-ნაკლებად ნორმალური ფასია, თუმცა, როდესაც მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის, ფასი მნიშვნელოვნად მერყეობს და მისი პროგნოზირება რთულია“, - აღნიშნავს „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი.

მკურნალიძის თქმით, ციტრუსის რეალიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საექსპორტო ბაზრების არასტაბილურობაა. უკრაინაში ომის დაწყებამდე ქართული ციტრუსის ძირითადი საექსპორტო ბაზარი სწორედ უკრაინა იყო. ამჟამად ბაზრების დივერსიფიკაციის პირობებში კი ექსპორტის მოცულობის წინასწარ განსაზღვრა რთულია.

„ბოლო წლებში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბაზრების დივერსიფიკაცია არაპროგნოზირებადი ხდება. ვერავინ იტყვი წინასწარ, რა მოხდება. ამ ვითარებაში რეალიზაციის პერიოდი მაქსიმალურად შემჭიდროებულია, რადგან საექსპორტო პროდუქციის 80-90% ახალ წლამდე, დაახლოებით 26-27 დეკემბრამდე იყიდება. ახალი წლის შემდეგ ექსპორტზე პროდუქციის ძალიან მცირე რაოდენობა გადის. რაც ამ დროისთვის რჩება, ის ან ადგილობრივ ბაზარზე უნდა გაიყიდოს, ან გაფუჭებისა და გადაყრის რისკის წინაშეა. სამწუხაროდ, ბოლო ორი-სამი წლის სტატისტიკაც ასეთ რეალობაზე მიუთითებს. ოფიციალური ციფრები შეიძლება სხვა სურათს აჩვენებდეს, მაგრამ რეალობა განსხვავებულია“, - აცხადებს მკურნალიძე.

რაც შეეხება ფასებს, მისი პროგნოზით, ადრემწიფებადი ჯიშების მანდარინის რეალიზაციის ფასი დაახლოებით 1.50 ლარი იქნება, ხოლო მასობრივი მოსავლის აღების პერიოდში ხარისხიანი, საექსპორტო მანდარინის ფასი, სავარაუდოდ, 1.20-1.30 ლარის ფარგლებში იმერყევებს. თუმცა, მკურნალიძის ვარაუდით, ბაზარზე მიწოდების ზრდის გამო ამ ფასის შენარჩუნება რთული იქნება.

„ადრემწიფებადი ჯიშები ფერმერებს მცირე რაოდენობით აქვთ და ეს ბაზარზე საერთო სურათს ვერ ცვლის. ვისაც ასეთი ჯიშები მოჰყავს, ისინი, ალბათ, ერთი კილოგრამის რეალიზაციას ლარ-ნახევრად მაინც ახერხებენ. რაც შეეხება ჩვეულებრივ, მასობრივ მოსავალს, ჩემი ვარაუდით, ნორმალური ხარისხის საექსპორტო მანდარინის ფასი 1.20-1.30 ლარის ფარგლებში იქნება. ეს მეტ-ნაკლებად ნორმალური ფასია, მაგრამ მისი შენარჩუნება გამორიცხულია, რადგან შემდეგ ბაზარზე ჭარბი პროდუქცია ჩნდება“, - ამბობს ის.

მკურნალიძის გათვლებით, აჭარაში წელს დაახლოებით 60-65 ათასი ტონა, გურიაში კი 20-25 ათასი ტონა ციტრუსი მოვა. სამეგრელოშიც იწარმოება მანდარინი, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით. მისი თქმით, მოსავლის აღების პიკურ პერიოდში, დაახლოებით 20 დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში 70-80 ათასი ტონა ციტრუსის აღება და ბაზრისთვის მიწოდება მოუწევთ.

„ექსპორტზე გასული პროდუქციის მაქსიმალური მოცულობა, რაც მახსოვს, 35 ათასი ტონაა და ესეც იმ პერიოდში, როდესაც ომი არ იყო. დაახლოებით 10 ათას ტონას საკონსერვო საწარმოები გადაამუშავებენ, როგორც არასტანდარტულ, ისე სტანდარტულ ციტრუსს. დაახლოებით 10 ათასი ტონა ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. შესაბამისად, თუ მთლიანად დასავლეთ საქართველოში მოსავალი დაახლოებით 80 ათასი ტონა იქნება, ჩემი შეფასებით, მინიმუმ 20-25 ათასი ტონა საექსპორტო მანდარინი ექსპორტზე უბრალოდ ვერ გავა“, - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე BM.GE-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები