თბილისში, ქათმის პირველმა რესტორანმა "წიწილა", მიმართულება შეიცვალა და რებრენდინგის შედეგად, “წიწილა, გრილი და ბისტრო” გახდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ მარხულიამ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, გახსნის დღიდან მათ ობიექტში მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა და მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა მათი ლანჩ მენიუ და სენდვიჩები, რომლებსაც გაყიდვების 80%-მდე წილი ეკავა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ქათმის კერძების ნაწილი მენიუდან ამოიღო.
"ბრენდი შევცვალეთ. თავიდან ორიენტირი გვქონდა, რომ ყველა კერძი ქათმისგან ყოფილიყო დამზადებული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სენდვიჩები ჩვენი გაყიდვების 80%-ს მოიცავს, ხოლო ლანჩები ძალიან პოპულარულია, "წიწილა, გრილი და ბისტრო" გავხდით. ხოლო, დანარჩენი ქათმის კერძები მენიუდან ამოვიღეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ობიექტთან ბევრი უნივერსიტეტი მდებარეობს, ვფიქრობდით, რომ ჩვენი მომხმარებლები სტუდენტები იქნებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მომხმარებლების ძირითადი ნაწილი ოფისში დასაქმებული ადამიანები არიან“,- ამბობს ობიექტის დამფუძნებელი.
მარხულიას ინფორმაციით, ობიექტში მათი პროდუქციის პორციები გაიზარდა. პორციების ზრდის პარალელურად კი, ფასების დაკორექტირება გახდა საჭირო, რათა ობიექტი შრომისუნარიანი ყოფილიყო.
„პორციები კიდევ გავზარდეთ. პორციების ზრდასთან ერთად, ფასებიც დავაკორექტირეთ და ახლა, ჩვენი კონკურენტი ობიექტების მსგავსი ფასები გვაქვს. თავდაპირველად, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი გახსნილები ვიყავით, დაბალი ფასები გვქონდა, თუმცა არასტაბილური ბაზრისა და პროდუქტებზე მერყევი ფასების გამო, კარგი ვაჭრობის მიუხედავად, ამ ფასების შენარჩუნებას ვერ ვუმკლავდებოდით. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი ნიშა "გემრიელი და დიდი ულუფები" შეგვენარჩუნებინა. ამიტომ, ფასების მატება მოგვიწია, თუმცა პორციებიც გავზარდეთ“, - განაცხადა მარიამ მარხულიამ.
აღსანიშნავია, რომ სენდვიჩებზე ჭარბი მოთხოვნის გათვალისწინებით, „წიწილა, გრილი და ბისტრომ“ საკუთარი პურის ცხობა დაიწყო, რისთვისაც ახალი საწარმო გაზაფხულის ქუჩაზე გახსნა.
“დღის განმავლობაში 250-მდე სენდვიჩს ვყიდით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საწარმო გაგვეხსნა, სადაც ჩვენს პურს ვაწარმოებდით. ამ საწარმოში ყოველდღიურად ვაცხობთ ჩაბატას, თეთრს და უსაფუარო ნახშირის პურს. ამ საწარმოშივე ვაკეთებთ სოუსებსაც. ახალი საწარმოს გახსნა მინიმალურ თანხებთან იყო დაკავშირებული, რადგან სივრცე უკვე ადაპტირებული იყო ჩვენი საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით“, - ამბობს მეწარმე.
გარდა ამისა, პროდუქციის შეძენა მომხმარებელს მათ ვებგვერდზეც შეუძლიათ, რომელიც თბილისის სრულ მასშტაბს ფარავს.
ინფორმაციისთვის, ქართული ქათმის რესტორანი თბილისში, კოსტავაზე გასულ წელს, მაისში გაიხსნა. ობიექტს ონლაინ შეკვეთის შესაძლებლობაც აქვს.




























