კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22.4 მგვტ-იანი „ცხენისწყალი 1 ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებს. 35 მლნ დოლარის საინვესტიციო ღირებულების ენერგოპროექტის შეფერხების მიზეზი ლაჯანურის ქვესადგურის მშენებლობის შეჩერებაა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი მარგებაძე BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
„ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ ხელმძღვანელი მაისში „წერტილში“ სტუმრობისას ვარაუდობდა, რომ „ცხენისწყალი 1 ჰესი“ მშენებლობას 2025 წლის მაისში დაიწყებდნენ. პროექტის დასრულების ვადა კი 2027 წლის სექტემბრამდე იყო გაწერილი. დღეს კი როცა პროექტი სამშენებლო სტადიაზეა და მშენებლობის დაწყებისთვის მხოლოდ ნებართვის აღებაა საჭირო, ინვესტორი ქვესადგურზე მიერთების პრობლემის გამო პროექტს ვერ ახორციელებს.
გიორგი მარგებაძე ამბობს, რომ ლაჯანურის ქვესადგურის მშენებლობის შეფერხება ამ კონკრეტული პროექტის გარდა კიდევ 110 მგვტ სიმძლავრის ჰესების პროექტებს ონში, ლენტეხში დამატებით კონკრეტული სიმძლავრეების ენერგოპროექტების შესრულებას აფერხებს. უნდა აღინიშნოს, რომ #რედაქტ2-ში სტუმრობისას გიორგი მარგებაძემ განახლებადი ენერგოპროექტების ინვესტორებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად განუვითარებელი ინფრასტრუქტურის გამო ქსელთან მიერთება დაასახელა. მან აღნიშნა, რომ დაგროვილი ₾1 მლრდ-ის ჯარიმების ჩამოწერა, ენერგოპროექტების შეფერხების რიგით მეშვიდე, მერვე დაბრკოლებაა.
„ცხენისწყალი 1 ჰესის“ პროექტზე სამშენებლო სტადიაზე გადასულები ვართ, ფინანსები მოზიდულია, ბანკისგან თანხმობა გვაქვს. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მშენებლობა ხვალ და მზად ვიყავით დაგვეწყო მშენებლობა 7 თვის წინაც, უბრალოდ აქ შემოდის პროექტის აშენების შემდეგ ქსელზე მიერთების პრობლემა. ამ ჰესის მიერთება უნდა მოხდეს ლაჯანურის ქვესადგურზე, რომლის მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ გაჩერდა. ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფოს კონტრაქტორ კომპანიასთან რაღაც პრობლემა შეექმნა და ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გაჩერდა ქვესადგური და ჩვენც არ დავიწყეთ ჰესის მშენებლობა, იმიტომ რომ მშენებლობა დაიწყო და ჰესი ააშენო, სისტემაში თუ არ მიაერთო - სად უნდა წაიღო. სამწუხაროდ, მოლოდინის რეჟიმში ვართ, სანამ ქვესადგურის პრობლემა არ მოგვარდება.
ჩვენი ჰესის გარდა, რაჭაში დაახლოებით 110 მგვტ-იანი პროექტებიც ელოდებიან ამ ქვესადგურის მშენებლობას. ამის შემდეგ ონი - ლაჯანურის დამაკავშირებელი ახალი გადამცემი ქსელი უნდა აშენდეს, რომ შოვის მხარეს დაგეგმილი დაახლოებით 100 მგვტ-ის სიმძლავრის ჰესების ამ ქვესადგურებიდან ელექტროენერგია ლაჯანურში ჩავიდეს. თუ ეს ლაჯანურის ქვესადგური არ გაკეთდება 55 მგვტ - ქვემოთ, 100 მგვტ-ის - შოვში და ამის გარდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში კიდევ სხვა სიმძლავრეებიც არის... ჯამში 300 მგვტ-ის პროექტები ამ ქვესადგურის მშენებლობას ელოდება. ეს რომ ინვესტიციაში გადავიყვანოთ 600 მლნ დოლარი გამოდის, ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხითაც სერიოზული მოცულობაა, ჩვენი ქვეყნის გამომუშავების დაახლოებით 8-10%-ია“, - განმარტა გიორგი მარგებაძემ.
200-ზე მეტი ჰესი, რომელთა აშენება 2034 წლამდე იგეგმება
ცნობისთვის, კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ 2021 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 50%-იან წილს შპს „ჰაიდრო ინვესტი“ ფლობს. ამ კომპანიაში კი მაჟორიტარულ 50%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა. რაც შეეხება კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ სხვა 3 აქციონერს, ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. აქედან 17%-ის მფლობელი კარენ ჰარუტუნიანი, ასევე 17% არა დარბინიანი და 16%-ს კი აიკ დარბინიანი ფლობენ.
კომპანია ლენტეხის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსაგურების 3 პროექტს ახორციელებს:
- „ცხენისწყალი 1 ჰესი“ - 22.4 მგვტ, ინვესტიცია - 35 მლნ დოლარი;
- ზესხოჰესი - 20 მგვტ, ინვესტიცია - 35 მლნ დოლარამდე;
- ღობიშური ჰესი - 11 მგვტ., ინვესტიცია - 16 მლნ დოლარი;
ცნობისთვის, ოზურგეთსა და ლაჯანურში ახალი ქვესადგურების მშენებლობა და „ახალციხე-500“-ში ქვესადგურის გაფართოება 2021 წელს დაანონსდა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და კონტრაქტორი კომპანიას Mytilineos S.A (Metka) შორის 36 მილიონი ევროს ღირებულების, ქვესადგურების მშენებლობის პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. თავდაპირველი ინფორმაციით, ქვესადგურების მშენებლობა და გაფართოება 2023/2024 წლებში უნდა დასრულებულიყო. პროექტები „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო .
BMG ლაჯანურის და ოზურგეთის ქვესადგურების პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კითხვებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას მიმართავს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.




























