მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხინვალის ე.წ. დეპუტატებს, რომლებსაც "საქართველოსთან საზღვრის" დადგენა სურდათ, რუსეთი მოქალაქეობას ართმევს - ოსური მედია

რუსული პასპორტი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სამ წევრს რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ე.წ. დეპუტატებმა შესაბამისი შეტყობინება FSB-სგან 7 თებერვალს მიიღეს. მათი თქმით, მიზეზად სახელდება "მოქმედებები, რომლებიც იწვევს დაძაბულობის გაზრდას რუსეთის საზღვართან". კონკრეტულად რა მოქმედებებზეა საუბარი, ნახსენები არ არის.

ოსური მედიის ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის წევრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა "სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის არსებულ ვითარებაში" უპრეცედენტოა. მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქეობა, შესაძლოა, ჩამოართვან გარი მულდაროვს, დავით სანაკოევსა და ძამბოლატ მედოევს, რომლებიც "საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის იდეის მომხრეები იყვნენ".

"სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული ამ "ინიციატივის" მიზეზები არც ერთი ჩვენგანისთვის ნათელი არ არის. რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების ფონზე ეს ყველაფერი მხოლოდ დაბნეულობას იწვევს. ამას მივაწერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობას და სამხრეთ ოსეთში პროქართული ლობის მუშაობას. მე და ჩემი კოლეგები ჩვენს უფლებებს ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ", - განაცხადა დავით სანაკოევმა.

ე.წ. დეპუტატი მულდაროვი კი აცხადებს, რომ ოსი პოლიტიკოსების ნაწილი თბილისის სასარგებლოდ მუშაობს, პარლამენტარებისთვის კი გადაწყვეტილება აღქმული ისე იქნება, რომ რუსეთი მეგობრებსა და პარტნიორებს ტოვებს.

"სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ დროს ადგილობრივი "პოლიტიკოსები" მოსკოვს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიან, რის საფუძველზეც ასეთი ანტირუსული და ანტიოსური გადაწყვეტილებები მიიღება. სამხრეთ ოსეთი რუსეთის, ალბათ, ყველაზე ახლო და ყველაზე მეგობრული სახელმწიფოა. აშკარაა, რა დასკვნა გამოვა საპარლამენტო დეპუტატებისთვის - რუსეთი ტოვებს თავის მეგობრებსა და პარტნიორებს. არ ვიცი, რამ გამოიწვია ამ პროვოკაციის ორგანიზება, მაგრამ ისინი მხოლოდ საქართველოსა და მისი დასავლელი კურატორების ხელებით თამაშობენ“, - განმარტა მულდაროვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები