მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცხოვრების დონის დასახასიათებლად გამოყენებული უნდა იქნეს არა ერთი ან ორი მაჩვენებელი, არამედ მთლიანი კომპლექსი - გოგიტა თოდრაძე

თოდრაძე

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძე ამბობს, რომ ცხოვრების დონის დახასიათებისთვის ზოგადად ყველაზე დიდი ზონა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს აქვს, თუმცა სრულყოფილი ანალიზისთვის საჭიროა სხვადასხვა მაჩვენებლების ერთობლივად გამოყენება. მან ამის შესახებ "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ზოგადად, მიიჩნევა, რომ ცხოვრების დონის დასახასიათებლად გამოყენებული უნდა იქნეს არა მხოლოდ ერთი ან ორი მაჩვენებელი, არამედ ზოგადად მთლიანი კომპლექსი. როდესაც სიღარიბის მაჩვენებლების გაანგარიშებასა და დონეზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ამ მაჩვენებლების მთელ მწკრივზე, რომელიც სრულფასოვანი ანალიზის გაკეთების საშუალებას მოგვცემს.

გააჩნია, რა არის ანალიზის მიზანი. ანალიზისას მაჩვენებლებს შორის ყველაზე დიდი წონა აბსოლუტური სიღარიბის დონეს აქვს, ქვეყნები უმეტეს შემთხვევაში მას იყენებენ, მაგრამ როდესაც არსებობს შესაძლებლობა, რომ გამოიყენო ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, ჯინის ინდექსი, შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები, ასევე არსებობს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი, რომელსაც მსოფლიო ბანკის სტანდარტი უდევს საფუძვლად",- განმარტა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის ინფორმაციით, შარშან საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი [აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი] წლიურად 2.4 პროცენტული პუნქტით 9.4%-მდე შემცირდა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი პანდემიური 2020 წლის გამოკლებით მუდმივად მცირდება და შარშან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

რაც შეეხება ფარდობით სიღარიბეს, მედიანური მოხმარების 60% ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, შარშან 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9% შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.7% შეადგინა.

2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა, ანუ ამ კუთხით უთანაბრობა შემცირდა. ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების და მთლიანი ხარჯების მიხედვით არ შეცვლილა და შესაბამისად 0.36 და 0.40 შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები