კლების ტენდენცია გრძელდება ღვინოების ექსპორტში. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 12%-ით ნაკლები, ჯამში 190 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიყიდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2025 წელს ექსპორტის კლება მოსალოდნელი იყო, რადგან 2023 წლის ბოლოს, რუსეთში აქციზის გაზრდამდე, ქართულმა კომპანიებმა დიდი მოცულობით ღვინო გაიტანეს.
“12%-იანი შემცირება ექსპორტში, შეიძლება, არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, თუ მხოლოდ ციფრებს შევხედავთ, მაგრამ ვხედავთ, რომ დარგში სერიოზული პრობლემებია. წლევანდელმა რთველმა ეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სისტემა გვაქვს მორღვეული. ცალკეა ყურძენი, რომელსაც სახელმწიფოს გარდა არავინ ყიდულობს, ცალკეა ღვინის კომპანიები, რომლებიც ეძებენ კარგ ყურძენს, მაგრამ ვერ შოულობენ. გვაქვს ხარისხის მიმართულებით ძალიან დიდი ჩავარდნა, რასაც ხან ამინდს ვაბრალებთ, ხან სხვა მიზეზებს.
გარდა საშუალო სეგმენტისა, რომელიც მცირე რაოდენობით ხარისხიან ყურძენს აწარმოებს, მასიურად ქართული ღვინის ხარისხი კლებისკენ არის. ყურძენიც უკან-უკან მიდის. უამრავი თანხა იხარჯება არასწორი მიმართულებით, 100 მილიონზე მეტი დაიხარჯა რთველზე, რითაც დარგის გაჯანსაღება არ მომხდარა, ეს მხოლოდ სოციალური მიზნებისთვის გაკეთდა”, - ამბობს სამანიშვილი.




























