ბათუმში 2024 წლის 9 თვეში 10,895 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 10.7%-იანი კლებაა. Galt & Taggart-ის განახლებული რეგიონალური მონაცემების მიხედვით, კლება ფიქსირდება როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე, ამის მიუხედავად კი ფასი თვიდან თვემდე მცირედ ზრდას აჩვენებს.
განსხვავებული ტენდენციაა ბაკურიანში, სადაც სამი კვარტლის მონაცემებით 17.3%-იანი ზრდა ფიქსირდება, გუდაურში კი უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 12.1%-ით შემცირდა.
როგორც კომპანიის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ბაკურიანში ზრდის მიზეზი კოლექტიურ რეგისტრაციას უკავშირდებოდა, მოთხოვნის ზრდა კი სამთო კურორტზე გალფის ქვეყნებიდან ფიქსირდება.
"2024 წელს არსებული კლება არ იყო მოულოდნელი და ამას რიგი მიზეზები აქვს. პირველი ეს არის წინა წლის მაღალი ბაზა, რასაც ვედრებით. ამასთან მიგრანტების გადინება ქვეყნიდან ანუ დროებითი ეფექტების ამოწურვა, ასევე გაზრდილი ფასები, რაც ამცირებს ხელმისაწვდომობას და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად.
ეს რამდენიმე მხრიდან აისახა ბაზარზე პირველი ეს არის საკრედიტო რესურსის გაძვირება, როგორც დეველოპერებისთვის, ისე მყიდველებისთვის და მეორე მხრივ ალტერნატიული სიანვესტიციო ინსტრუმენტების მიმზიდველობის ზრდა.
როდესაც რეფინანსირების განაკვეთი მაღალია, ზოგი ინვესტორისთვის უფრო ხელსაყრელია სახაზინო ობლიგაციებში განათავსონ თავიანთი ფინანსები და ნაკლები რისკი აიღონ ინვესტიციებზე. ასევე იმოქმედა გაზაფხულზე შექმნილმა არასტაბილურობაც, რაც აისახა გაცვლით კურსზეც, მინიმუმ გადავადებული იყო გადაწყვეტილების მიღება. ჯამში ყველა ეს ფაქტორი აისახა სტატისტიკაში.
ბაკურიანში მესამე კვარტალში გაზრდილი გაყიდვები ძირითადად უკავშირდება ერთჯერად ფაქტორებს, რაც კოლექტიური რეგისტრაციის თემაა, თუმცა ზოგადად მყიდველების დივერსიფიკაციას ვხედავთ როგორც სამთო კურორტებზე, ისე ბათუმსა და ქობულეთში. ბაკურიანი მოთხოვნადი გახდა გალფის რეგიონის ქვეყნებიდანაც, საიდანაც მზარდია ინტერესი.
ბათუმში ველით, რომ ფასი სტაბილურად შენარჩუნდება, დღეს თუ 1 420$-ის ფარგლებშია, ველით რომ 1-2%$-ით გაიზრდება. მიწოდებას რაც შეეხება მოსალოდნელია, რომ გაიზრდება მიწოდებაც, რათა შევინარჩუნოთ ბაზარზე საინვესტიციო მიმზიდველობა.
ბაკურიანსა და გუდაურში საკმაოდ სტაბილურად გვაქვს ვითარება როგორც ფასის ისე გაყიდვების ნაწილში და რაიმე ხელშესახებ ცვლილებას აქ არ ველოდებით,“ - განაცხადა თავყელიშვილმა.