ეკომეგობრული მოგზაურობის პლატფორმა Biliki.AI ახალ ფუნქციონალზე მუშაობს, რომლის ჩაშვებასაც წლის ბოლომდე გეგმავს - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში სტარტაპის თანამდაფუძნებელი, თორნიკე ცირამუა საუბრობს.
მისი თქმით, ფუნქციონალი, რომელზეც სტარტაპი მუშაობს, მომხმარებლისგან განსაკუთრებულად მოთხოვნადია და მისით ამერიკელი ინვესტორია დაინტერესებული.
"ცოტა ხანში, წლის ბოლომდე ჩაეშვება ახალი ფუნქციონალი, რომელიც ფრენების პერსონალიზაციასა და ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს. Biliki.AI-ზე ჩაშენდება ფრენის ბილეთები, რომლებიც მეტად ეკომეგობრულია. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ამერიკელი ინვესტორი უკვე ძალიან დაინტერესებულია და სწორედ ამ მიმართულებით აპირებს ჩვენთან პარტნიორობას. მოგვიანებით კი ვგეგმავთ, რომ პერსონალური ასისტენტიც დავამატოთ პლატფორმას, რომელიც იქნება ჩატბოტის მსგავსი, თუმცა უფრო დახვეწილი", - ამბობს თორნიკე ცირამუა.
Biliki.AI ბაზარზე 1 წლის წინ გამოჩნდა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა მომხმარებელს სამოგზაურო ტურების დაგეგმვაში ეხმარება და ყველაზე ეკომეგობრულ მარშრუტებს, სასტუმროებსა და გადაადგილების საშუალებებს სთავაზობს. ამასთან, პლატფორმა ბრიტანულ კომპანია Just One Tree-სთან პარტნიორობით, Biliki.AI-ის საშუალებით გაფორმებულ ყოველ ჯავშანზე 1 ხეს რგავს. სტარტაპის მიზანია, ავიდეს მილიონ მომხმარებლამდე და ამავე რაოდენობის ხე დარგოს.
"ჯერჯერობით გეგმა ზუსტად ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდოდა. ყოველთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები და მიზეზები, რატომაც ვერ ხერხდება, თუმცა ზრდა გვაქვს. გვინდა, რომ მილიონ მომხმარებელთან ერთად მილიონი ხეც დავრგოთ.
სიახლე გვაქვს ბაზრების მიმართულებითაც, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გავააქტიურეთ ამერიკის ბაზარი, რომელიც ეკომეგობრული, მდგრადი ტურიზმის მიმართულებით ყველაზე განვითარებულია", - ამბობს Biliki.AI-ის თანამდაფუძნებელი.
თორნიკე ცირამუამ BMG-ის ეთერში სტარტაპერებისთვის არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში დაფუძნებულ კომპანიას გლობალურ ბაზარზე კონკურენციის გაწევა უჭირს. მისი თქმით, თუ ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემა არ განვითარდება, ბევრ კომპანიას რეპოზიციონირება მოუწევს.
"როდესაც ქართული სტარტაპი ხარ, შენთვის კიდევ უფრო რთულია, კონკურენცია გაუწიო გლობალური ბაზრის კომპანიებს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც უთქვამთ ინვესტორებს, რომ საქართველო მათთვის საინტერესო არ არის, რადგან მათ გეოგრაფიულ არეალში არ შედის.
დღეს სტარტაპების მთავარ ჰაბად ისრაელი და ესტონეთი ითვლება. გვაქვს მიზანი და პოტენციალიც, რომ საქართველოც გახდეს ჰაბი ამ მიმართულებით. სხვა შემთხვევაში, ბოლო რამდენიმე თვეში, ქართული სტარტაპების ნაწილი კალიფრონიაში გადავიდა და არ დავმალავ, ჩვენც გვაქვს გარკვეული გეგმები ამ მიმართულებით. როდესაც ვხედავთ, რომ არ არის შესაბამისი გარემო, მაგრამ ჩვენს სტარტაპს აქვს პოტენციალი, ბუნებრივია, მოგვიწევს სადმე გადასვლა, კალიფორნიაში, ან თუნდაც რომელიმე განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში", - ამბობს თორნიკე ცირამუა.
Biliki.AI-ს მომხმარებელთა 40% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, დარჩენილი ნაწილი კი საქართველოზე, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაზე ნაწილდება.