მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის ბოლომდე, CAPCA-ს პროექტის ფარგლებში, 90 გრანტის გაცემა იგეგმება - ფერმერთა ასოციაცია

მეფუტკრეობა

მიმდინარე წლის ბოლომდე, CAPCA-ს პროექტის ფარგლებში, ფერმერებზე 90 გრანტის გაცემა იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერმა, ნინო ჯიბუტმა BM.GE-სთან ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ CAPCA, იგივე "გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება", საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტია, რომელიც ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) ხორციელდება. პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება მერძევეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით, ფერმერების ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და რეგულაციების შესახებ, მეორე მხრივ კი, მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება, რათა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერი, ნინო ჯიბუტი ამბობს, გასულ წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში 8 სადემონსტრაციო ფერმა 252 000 ლარამდე გრანტით დაფინანსდა, მათ შორის 3 მესაქონლეობის (მერძევეობის) და 5 მეფუტკრეობის მიმართულებით. ხოლო ჯამური პროექტების ღირებულება 360 000 ლარამდე (თავად ფერმერების თანამონაწილეობის ჩათვლით).

"პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო (საჩვენებელი) ფერმები შეიქმნა, სადაც მცირე და საშუალო ზომის ფერმერები გადავამზადეთ. სადემონსტრაციო ფერმა თავის მხრივ გულისხმობს სამაგალითო ფერმას, რომელსაც გამართული წარმოება აქვს. ასევე, დაფინანსებულ ყველა ფერმაში არის პირველადი წარმოების სტანდარტი GeoG.A.P. დანერგილი, რომელიც 2018 წლიდან GFA-ს ადგილობრივი სერტიფიცირების სქემაა და GlobalG.A.P.-ის ანალოგია. აღნიშნული სერტიფიცირება ფერმერებს საშუალებას აძლევს უვნებელი და მიკვლევადი პროდუქტი აწარმოონ.

პროექტი 2025 წლის დეკემბერში დასრულდება და ჯამში 90 გრანტის გაცემა იგეგმება. ასევე, ვიმუშავებთ მერძევეობისა და მეფუტკრეობის სექტორებში არსებული გამოწვევების ადვოკატირებაზე - მრავალსექტორული თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში ჩატარდება შეხვედრები დარგობრივ ასოციაციებთან, ფერმერებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან“, - ამბობს ნინო ჯიბუტი.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერი სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევებზეც საუბრობს და ამ კონტექსტში განათლებასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს. მისივე თქმით, დარგის განვითარებისთვის აუცილებელია კვლევაზე დაფუძნებული ცოდნის ფერმერებისთვის გადაცემა.

ამასთან, ჯიბუტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის შეჩერება სოფლის მეურნეობის სექტორზე პირდაპირ აისახება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის DCFTA-სთან ჰარმონიზაციის პროცესში ძალიან დიდი კონტრიბუცია საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ.

"ფერმერებს შეეზღუდებათ მნიშვნელოვან რესურსებსა და საერთაშორისო ბაზარზე წვდომა. გვიხარია, რომ ქვეყანაში არსებული მოვლენების ფონზე კვლავ ვახერხებთ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში წვლილის შეტანას და ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირთან დაახლოებას საფრთხე არ დაემუქრება, რადგან გვჯერა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დასავლური ბაზრის ათვისებას ალტერნატივა არ აქვს“,- ამბობს ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები