მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდირებიდან გამოსვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორი დროა საჭირო - რატი კოჭლამაზაშვილი ვაშლის სუბსიდირებაზე

ვაშლი

სუბსიდირების პოლიტიკიდან გამოსვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ დროს სწორი დრო უნდა შეირჩეს - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სახელმწიფოს მიერ წელს გაუქმებული არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამის კვლავ ამოქმედების მიზეზებს შეეხებოდა.

„სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ზოგადად უფრო მოქნილი უნდა იყოს იგივე არასტანდარტული ვაშლის მოსავლიანობაც აგრარულ წელზეა დამოკიდებული. იგივე წელს, რაც ყურძნის მიმართულებით იყო - ისედაც ცუდი წელი იყო ამინდების გამო ყურძნის შაქრიანობა გვიან მოიმატა და წელს მოხდა სწორედ ამ პოლიტიკის შემოღება. ვფიქრობ, რომ ეს ასე ვთქვათ ერთმანეთთან აცდენაში იყო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. არასტანდარტულ ვაშლზეც იგივეს თქმა შეგვიძლია. სუბსიდირების პოლიტიკიდან გამოსვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ დროს სწორი დრო უნდა შეირჩეს“, - განაცხადა მან.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა 10 წლის შემდეგ შეწყდა, თუმცა მთავრობის 8 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, მთავრობამ პროგრამა დააბრუნა და ვაშლის ჩაბარება წელსაც 10 თეთრით დასუბსიდირდება. ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის“ ასიგნებებიდან 4.5 მლნ ლარის მოძიება და მიმართვა დაევალა.

ცნობისთვის, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ღონისძიებების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, პროგრამა 2014 – 2025 წლებში ხორციელდებოდა. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 309,863,388 კილოგრამი შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 74,096,330 ლარი იყო. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამმუშავებელ კომპანიას ჯამური თანხით 27,964,351 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები