მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლის ბოლომდე ჩვენს პორტფელში SME ბიზნესზე გაცემული სესხების წილი 10%-მდე გაიზრდება" - როგორ საქმიანობენ მიკრობანკები

გია პეტრიაშვილი

მიკრობანკებმა გაზრდილი მოცულობებით სესხების გაცემა უკვე დაიწყეს.

როგორც BMG-ის მიკრობანკის ლიცენზიის მფლობელ MBC-ში განუცხადეს, საფინანსო ორგანიზაციას მცირე და საშუალო ბიზნესზე უკვე გაცემული აქვს 200-300 ათასი ლარის მოცულობის სესხები. კომპანიის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე MBC-ის მიერ SME სექტორზე გაცემული სესხების წილი მთლიან პორტფელში 10%-მდე გაიზრდება.

გია პეტრიაშვილის თქმითვე, იქიდან გამომდინარე, რომ მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში რისკები შედარებით უფრო დაბალია, ამ სეგმენტის მსესხებელზე გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია, ვიდრე ეს მიკრო მეწარმეებისთვისაა.

„უკვე გაცემული გვაქვს 200-300 ათასი ლარის მოცულობის სესხები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სესხები, რომლებიც 200 ათას ლარზე მეტი იქნება, ამ ტიპის კრედიტების ხვედრითი წილი ჩვენს პორტფელში წლის ბოლომდე სავარაუდოდ, 10%-ზე მეტი არ იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბაზარზე დიდი სისწრაფით შესვლას, რადგან ამას სიფრთხილე და შესწავლა სჭირდება. თუმცა აუცილებლად შევალთ ამ ბაზარზე, რადგან მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტი ჩვენთვის ის ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორია, რის გამოც ამ ლიცენზიის მიღება გვაინტერესებდა. ამ ეტაპზე იმ სესხების რაოდენობა, რომელთა მოცულობაც 200 ათას ლარზე მეტია, ჩვენს პორტფელში ჯამურად არ აღემატება 1.5-2 მლნ ლარს, ანუ 1-2%-ს

მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში რისკები უფრო დაბალია, ამიტომ დაბალრისკიან კლიენტებს, უფრო დაბალი განაკვეთის სესხებს ვთავაზობთ. დაახლოებით 1-2 პუნქტით უფრო დაბალი განაკვეთია ამ ტიპის სესხებზე, ვიდრე მიკროსეგმენტში“, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციების, მიკრობანკების მთავარი სეგმენტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაა. მათ უფლება აქვთ მომხმარებელზე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები გასცემენ, ასევე დეპოზიტებიც მიიღონ. ამ ეტაპზე მიკრობანკის ლიცენზიას ორი ორგანიზაცია ფლობს - MBC და „კრისტალი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები