მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წლის ბოლომდე ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მნიშვნელოვან და საინტერესო ტრანზაქციებს ველოდებით"- TBC Capital

TBC Capital

თიბისი კაპიტალის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, თინა სიმონიშვილი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან BMG-ის გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა, სადაც განვლილი 7 თვის შედეგები შეაჯამა.

"7 თვის განმავლობაში ბაზარზე ფასიანი ქაღალდების 8-9 ტრანზაქცია იყო, კერძო განთავსებებიც ხდება პარალელურად. წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ უფრო გავაქტიურდებით და კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია გვექნება. ზოგადად, ბონდების ბაზარი ასეთი სპეციფიკით გამოირჩევა, რომ ჩვენ 3-4 თვე გვჭირდება თითოეული პროექტის გადასამუშავებლად, ვიდრე ის დღის შუქს ნახავს. შესაბამისად, უკვე ვიცით ობლიგაციების ტრანზაქციები, რომლებიც შემდეგი რამდენი თვის განმავლობაში მოხდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ტრანზაქციები გველოდება წლის ბოლომდე. როგორც ადგილობრივ ვალუტაში, ისე - უცხოურში. წელს ვფიქრობთ, წარმატებით დავხურავთ", - განაცხადა თინა სიმონიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, თიბისი კაპიტალის მიზანი ქართული საფონდო ბირჟის დივერსიფიკაციის ხელშეწყობაა, რათა ობლიგაციების ბაზარზე მხოლოდ ერთი მსხვილი ჯგუფი არ იყოს წარმოდგენილი.

"რაც შეეხება ზოგადად ბაზრის განვითარებას, თიბისი კაპიტალი ამ კუთხით თავის როლს ხედავს ინვესტორების მეტად გაცნობიერებაში, კონფერენციებისა და შეხვედრების ჩატარებაში, სადაც მათ ვუხსნით, ვცდილობთ დავაინტერესოთ კაპიტალის ბაზრის პროდუქტებით. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ემიტენტებთანაც, რადგან გვსურს, მაქსიმალურად მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს და არ გვქონდეს მხოლოდ ერთი სექტორი ან მხოლოდ ერთი დიდი ჯგუფი, რომლებიც ბაზარზე გამოდიან.

ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ბაზარზე როგორც ინსტიტუციური ინვესტორები, ასევე ფიზიკური პირები, თავიანთი პროდუქტებით მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი. ვფიქრობთ, რომ დივერსიფიკაციისა და თანხების დაბანდებისთვის ობლიგაციები ერთ-ერთი საუკეთესო დაბალანსებული შესაძლებლობაა", - განაცხადა თინა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის 70%-იანი წილი სწორედ თიბისი კაპიტალს უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები